უკრაინის არმია ტერიტორიებს ანთავისუფლებს და წინ მიიწევს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში უკრაინელებმა 18 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
“გასული კვირის განმავლობაში, აღმოსავლეთით და სამხრეთით შეტევითი მოქმედებების შედეგად 18 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა. ზოგადად, კონტრშეტევის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210,5 კვადრატული კილომეტრია”, – ამბობს მალიარი.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 8 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან თქვა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებებები მიმდინარეობს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინა კონტრშეტევას ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში ახორციელებს.
“უკრაინელები კონტრშეტევას ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში ახორციელებენ და ამასთან, მათ გარკვეული წარმატება აქვთ.
რუსულმა ჯარებმა, სავარაუდოდ, გარკვეულწილად გაზარდეს შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკი-სვატოვოს ხაზის გასწვრივ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ტავრიის ფრონტის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის წარმომადგენლის, ვალერი შერშენის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბერდიანსკის მიმარულებით 1 კილომეტრით დაწინაურდნენ. უკრაინის გენერალური შტაბი კი იტყობინება, რომ თავდაცვის ძალები მელიტოპოლის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებენ.