უკრაინის არმიამ 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის არმიამ დაიბრუნა დონეცკის ოლქში ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი.
საუბარია დონეცკთან მდებარე სოფლის, კრასნოგოროვკის აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებს მცირე წინსვლა აქვთ. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, დონბასში უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლოდროინდელმა მრავალრიცხოვანმა შეტევებმა დიდი დაძაბულობა შექმნა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებსა და ჩეჩენთა დაჯგუფებებში, რომლებიც ამ რაიონში მოქმედებენ.
26 ივნისს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს ფრონტის ყველა მიმართულებით და „ეს ბედნიერი დღეა“.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდში გათავისუფლებულია ათამდე დასახლებული პუნქტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.
“უკრაინელი დამცველები წარმატებით მიიწევენ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში – მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ბახმუტში.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ლიმანის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებით”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 226 170 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 4036
ჯავშანტექნიკა – 7834
საარტილერიო სისტემა – 4083
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 626
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 386
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 308
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3492
ფრთოსანი რაკეტა – 1261
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6772
სპეცტექნიკა – 563
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.