უკრაინის არმიამ ყირიმში რუსების სარადარო სადგური გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, რუსების სარადარო სადგური გაანადგურა. საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემა სოფელ რაზდოლნოეს მახლობლად იყო-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო ავრცელებს.
„30 იანვრის დილას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გაანადგურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სოფელ რაზდოლნოეს მახლობლად საჰაერო თავდაცვის სარადარო სადგური“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის მმართველად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ ყირიმში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მისი განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი ბელბეკის რაიონში.
“ყველას ვთხოვ სიმშვიდის შენარჩუნებას და ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას”, – დაწერა მან.
დრონის ჩამოგდებაზე განაცხადა რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერგანტორმაც – ალექსანდრე ბოგომაზმა დაწერა, რომ არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯამში 21 უპილოტო საფრენი აპარატი -11 ყირიმის, ხუთი – ბელგოროდის, სამი – ბრიანსკის, ერთი -კალუგისა და ერთიც –ტულას რეგიონებში გაანადგურეს ან შეაჩერეს.
კალუგის ოლქის ხელმძღვანელმა, ვლადისლავ შაფშამ განაცხადა, რომ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კალუგის გარეუბანში მდებარე შენობის სახურავზე დაეცა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა მორიგი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ანდრეი კოვალევის ინფორმაციით, რუსულმა გამანადგურებელმა Su-34-მა ლუგანსკის რეგიონში კატასტროფა განიცადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, გასული დღის განმავლობაში უკრაინაში ასევე განადგურდა მტრის 35 უპილოტო საფრენი აპარატი, 10 ტანკი, 29 ჯავშანტექნიკა, 31 საარტილერიო სისტემა, სამი საჰაერო თავდაცვის მანქანა, 42 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და სატანკო მანქანა და 5 ერთეული სპეცტექნიკა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 960 რუსი სამხედრო.