უკრაინის არმიამ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდო
ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 61 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 30 მარტის ღამეს, რუსებმა დონეცკის ოლქს ოთხი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს.უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 12 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 9 ჩამოაგდეს.
“გუშინ ღამით მტერმა დონეცკის რეგიონს ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტითა და დრონებით დაარტყა. უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
საერთო ჯამში, დაფიქსირდა Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება. აქედან 9 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ხერსონის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას რეგიონებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე ამბობს, რომ ღამით მტერმა 4 S-300/S-400 ტიპის რაკეტებით დაარტყა დონეცკის ოლქს. მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 61 საბრძოლო შეტაკება მოხდა – მტერმა 38 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ხოლო უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა დაარტყეს 1 სამეთაურო პუნქტს, 1 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და 10 ადგილს, სადაც კონცენტრირებული იყო მტრის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა.
29 მარტს რუსეთმა ოდესაზე მორიგი მასიური შეტევა მიიტანა, რომლის შედეგადაც დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.