მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს ვეღარ გამოიყენებენ

ევროპარლამენტმა დღეს, 24 ნოემბერს მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომლის მიხედვით უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს შენგენის ზონაში ვეღარ გამოიყენებენ.

კერძოდ, საუბარია ვიზების გაცემის აკრძალვაზე. შესაბამის წინადადებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 – წინააღმდეგი იყო, კიდევ 34-მა – თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს გაურბიან – ისინი კვლავ შეძლებენ ევროკავშირში შესვლას ჰუმანიტარული მოსაზრებებით.
“ევროპარლამენტი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულისთვის”, – თქვა კენჭისყრის შემდეგ მომხსენებელმა ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა

მანამდე ცნობილი გახდა ევროკავშირში შეთანხმებული გადაწყვეტილების შესახებ, არ აღიარონ რუსული დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებში.
რუსული პასპორტების აკრძალვამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, კერძოდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ასევე ოფიციალურად იქნება მიღებული საბჭოს მიერ და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, იგი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.

გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის რუსეთის მიერ მისივე საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button