უკრაინის ძალები ბახმუტის მიმართულებით 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ დღე-ღამეში ბახმუტის მიმართულებით ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის მიმართულების პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
“უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით, სხვადასხვა ნაწილში 1400 მეტრით დაწინაურდნენ. ჯამში (დღეში) ექვსი შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა 138 ოკუპანტი გაანადგურეს, 236 დაშავდა, ერთი კი ტყვედ აიყვანეს”, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.
ჩერევატის თქმით, რუსული ძალები თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ რუსული არმია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით პოზიციებს კარგავს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები წინსვლას აგრძელებენ.
მიუხედავად უკრაინის წინსვლისა ოკუპანტები, გასული დღის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას სამი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 62-ჯერ დაბომბეს.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მთლიანად ოკუპაციის მცდელობებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში ფრონტის ამ სექტორზე 34 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 19 დარტყმა განახორციელა იმ ლოკაციებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, ასევე, ორი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.
ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსული ძალების მართვის 4 პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 3 საცავსა და 5 საარტილერიო ქვედანაყოფ დაარტყეს.