მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

უკრაინის ელჩი ზალკალიანის უწყებაში დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელი დიპლომატისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

დავით ზალკალიანმა დღეს გაღიზიანება ვერ დამალა და სააკაშვილის მიმართვის შეფასებისას თქვა, რომ ეს არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.

“ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად არის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ სარჩევნო პროცესში. შეგვიძლია სიტყვასიტყვით გავშიფროთ მისი თითოეული გამონათქვამი და მერე მაინტერესებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან, ამაზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ელჩს ჩვენ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს.” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებას უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ის არ არის უკრანის მთავრობის წარმომადგენელი და აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება აქვს.

“ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში, სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს, თუ რამე არ მოეწონება. სინამდვილეში, იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში, ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.

“მე არ ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის. მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად, შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს.” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს. „არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის.” – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button