მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენშტაბის თქმით ფრონტზე 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა

,,უკრაინის ჯარები მარინკას ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან,, -ზალუჟნი

უკრაინაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში რაკეტებითა და დრონებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო.

4-ჯერ დაიბომბა არტილერიითა და ქვემეხებით სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 15 აფეთქება. საჰაერო თავდაცვამ ოლქში რუსული დრონი გაანადგურა.

დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონი დნიპროპეტროვსკის ოლქში, დაფიქსირდა აფეთქებები მიკოლაივშიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუსულ ჯარებს შორის, 76 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოგიუმ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, ქალაქ მარინკაზე სრული კონტროლი მოიპოვეს. უკრაინაში კი აცხადებენ, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება და მის სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია.
უკრაინის ჯარები მარინკას ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი ზალუჟნი, კრემლის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიკავეს.

“დღეის მდგომარეობით, ჩვენი ჯარები კვლავ მის ჩრდილოეთ ნაწილში არიან. ჩვენმა ჯარებმა მოამზადეს თავდაცვითი ხაზი ამ დასახლების გარეთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლება აღარ არსებობს… ის, რომ ჩვენ ახლა დავიხიეთ მარინკას გარეუბანში ამაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების აჟიოტაჟი. ომი სამწუხაროდ ასეა“ – განაცხადა ზალუჟნიმ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ყირიმში რუსული სადესანტო გემი გაანადგურეს, რომელსაც საჰაერო ძალების ინფორმაციით, “შაჰედის” ტიპის დრონები გადაჰქონდა. მანამდე ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, ოკუპანტებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობაც შეაჩერეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხარკოვის, ბოგოდუხივის, ჩუგუივის და კუპიანსკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს დაარტყეს. ოკუპანტებმა არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით 15-ზე მეტი დასახლება დაბომბეს.
დაზიანდა კერძო სახლები და კომერციული შენობები.

დონესკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსებმა, დონეცკის ოლში, ბახმუტისა და პოკროვსკის რაიონები დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ორი მშვიდობანი მოქალაქე.

უწყების ცნობით, რუსებმა ასევე დაბომბეს სოფელ ტორეცკის ერთ-ერთი თემი. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

ამის შესახებ უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა განაცხადა.

კანონპროექტი გულისხმობს უკრაინის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გარკვეული საკითხების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცვლება და შემცირდება საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის გაწვევის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ეს წინადადებები შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს, რადგან კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button