უკრაინის ჯარი კონტრშეტევისათვის ემზადება
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა განახორციელოს. ამის შესახებ დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა კონტრშეტევის დაწყების ზუსტი თარიღი არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ რუსული ჯარის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება, შესაძლოა, დაიწყონ “ხვალ, ზეგ ან შემდეგ კვირას დაიწყოს”.
როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინის მთავრობას კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილებაზე “შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს”, რადგან მისი თქმით, ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც არ შეიძლება უკრაინამ დაკარგოს.
კითხვაზე, მზადაა თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევისთვის, მან თქვა: “ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ისევე, როგორც ჩვენ მზად ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ დროს”.
ინტერვიუში დანილოვმა დაადასტურა, რომ ვაგნერის ძალები ქალაქ ბახმუტს ტოვებენ, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკრაინასთან ბრძოლას წყვეტენ. როგორც დანილოვმა თქვა, ვაგნერის ჯგუფები ქალაქს გადაჯგუფებისთვის ტოვებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიდეო მთავარსარდლის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან.
„დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია“, – აცხადებს ზალუჟნი.
უკრაინული მედია წერს, რომ შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, ზალუჟნის ეს განცხადება შესაძლოა მის დასაწყისს მიანიშნებდეს.