ფასების ზრდის სიმცირით საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა-4,6% და 6,6% – ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ნაცების“ ფასების ინფლაციებს შორის-მდინარაძე

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა. 4,6% და 6,6% – ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ნაცების“ ფასების ინფლაციებს შორის. ჩვენ მოვახერხეთ კრიზისების, ომების და პანდემიის დროს 4,6% -ზე გავჩერებულიყავით, რაც კლასიკური დათვლით ასეა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს ინფლაციის თემით ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მათი სიჩუმე გადაფაროს.
„მტკიცებულებების სახეზე და დონეზეა დადასტურებული, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხმა რომ ვერ ამოვაღებინეთ, ეს არის ამის გადაფარვის მცდელობა. გუშინ მოვიტანეთ ერთი ინდიკატორი, თქვენ მოიმარჯვეთ კალკულატორები და ნახეთ, რომ ყველაზე უხეში დათვლითაც კი, ინფლაციებს შორის 2,5 % იყო სხვაობა, ოღონდ კლასიკური გაგებით თუ დავთვლით. უკვე მსოფლიო ბანკსაც, IMF-საც, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტსაც გამოქვეყნებული აქვს და 6,6 იყო მათ დროს საშუალო ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებელი, 4,6 არის ჩვენ დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმა, რომ ჩვენ დროს იყო ორი კრიზისი, არის ორი ძალიან მასშტაბური, დამანგრეველი ომი რეგიონში და 2-3 წლიანი პანდემია. ამის ფონზე, ჩვენ 2%-ით ნაკლები ინფლაცია გვაქვს.
კიდევ ერთი ახალი მაჩვენებელი – რადგან თავისას არ იშლიან და ამ თემით სპეკულირებას და გაჭირვებული ხალხის მოტყუებას აგრძელებენ, რეგიონში საქართველო მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა. ეს არის რეალური ციფრები და მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოახერხებ ისეთი შეჭირვებული ადამიანის და ოჯახების პოვნას, რომელიც შეიძლება გაღიზიანდეს კიდეც ამ ციფრებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ გაჭირვებულ ადამიანს ციფრი არ აინტერესებს, აინტერესებს მისი კეთილდღეობა და მაცივარი რომ იყოს სავსე. ამით სპეკულირებენ და ამ ადამიანებზე ცდილობენ ზეგავლენის იმგვარად მოხდენას, რომელიც არ გამომდინარეობს რეალური ციფრებიდან. საქართველომ მოახერხა, რომ რეგიონში ინფლაციის სიმცირით ყოფილიყო მეორე ადგილზე, 2012 წლის შემდეგ საშუალო მონაცემებს თუ ავიღებთ ეს არის. 4,6% და 6,6% – ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ნაცების“ ფასების ინფლაციებს შორის. მათ არაფერი ისეთი არ ჰქონდათ, რომ ფასები ვერ შეენარჩუნებინათ. ჩვენ მოვახერხეთ კრიზისების, ომების და პანდემიის დროს 4,6% -ზე გავჩერებულიყავით, რაც კლასიკური დათვლით ასეა. რა თქმა უნდა, ეს 4,6% ყოველწლიური საშუალო ინფლაციური მაჩვენებელიც მაღალია და გაჭირვებულ ადამიანებს და არა მხოლოდ მათ ურტყამს ჯიბეზე, მაგრამ ეს არის რეალობა, რისი მოხერხებაც „ქართულმა ოცნებამ“ საბედნიეროდ შეძლო და უფრო მეტად არ წავიდა ფასების ინფლაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ტაქსით იმგზავრა და ტაქსის მძღოლებს საწვავის გაძვირებულ ფასზე ესაუბრა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კითხვაზე – რატომ გაძვირდა საწვავი, მოქალაქეებს პასუხი უნდა გასცენ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ.
„ადამიანების, მოქალაქეების მთავარი შეკითხვა არის ივანიშვილთან, კობახიძესთან და ივანიშვილის ხელისუფლებასთან – რატომ გაუძვირდათ საწვავი? როგორ ხდება, რომ ოც ლიტრს რომ ასხამდნენ 39 ლარად, დღეს 62 ლარის გადახდა უწევთ იმავე რაოდენობის საწვავში? როგორ ხდება, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ათი ლიტრი საწვავი მოჰპარა ჩვენს მოქალაქეებს, მძღოლებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ საწვავს და, შესაბამისად, საწვავის გაძვირება კიდევ დამატებით სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას იწვევს? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც აინტერესებს მოქალაქეებს და ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილმა და კობახიძემ – რატომ ძვირდება საწვავი და როგორ ხდება, რომ ერთ ლარად და 65 თეთრად მოდის საქართველომდე? ფოთამდე, ბათუმამდე საწვავი ჯდება ერთი ლარი და 65 თეთრი და ფოთის, ბათუმის პორტიდან რომ გამოდის, ფაქტობრივად, 200 მეტრში უკვე საწვავი ხდება სამი ლარი და მეტი. ფაქტობრივად, ორმაგდება თანხა. ეს არის შეკითხვა, რომელზეც უნდა გასცენ პასუხი. რატომ და როგორ გააძვირეს საწვავი ივანიშვილმა და კობახიძემ?”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 803.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 12.2 პროცენტით 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 2 138.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4 პროცენტია.