უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელებაზე შეთანხმება ჩაიშალა

შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში ტექნიკური მოლაპარაკებების მონაწილეებმა უკრაინიდან მარცვლეულის გადასაზიდად ახალი გემების დაშვების შესახებ შავი ზღვის პორტებიდან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის სტამბოლში მიმდინარეობდა.
„დღეს გაერთიანებულმა საერთაშორისო ცენტრმა ვერ მიაღწია შეთანხმებას ახალი გემების შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობის უფლებაზე. ორგანიზაცია აგრძელებს წარსულში ავტორიზებული გემების ყოველდღიური ინსპექტირების სამუშაოებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ დისკუსიები, გადალახონ ოპერატიული გამოწვევები და იმუშაონ ინიციატივის სრულად განხორციელებისა და გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერის მოადგილემ.
მხარეები ვერ შეთანხმდნენ ნებართვის გაცემაზე ახალი ხომალდებისთვის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს შავი ზღვის გავლით, თუმცა უკვე ნებადართული ხომალდების ყოველდღიური შემოწმება კვლავ გრძელდება.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის პრესმდივნის მოადგილის, ფაჰრან ჰაყის თქმით, გაერომ მხარეებს მოუწოდა “გააგრძელონ დისკუსიები, გადალახონ საოპერაციო გამოწვევები და იმუშაონ ინიციატივის სრულ განხორციელებასა და გაგრძელებაზე”. მისი თქმით, გუტერეშმა მხარეებს მიაწოდა თავისი წინადადება სამომავლო ნაბიჯებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ინიციატივის გაუმჯობესებას და გაფართოებას, ყველა მხარის პოზიციათა გათვალისწინებით.
18 მარტს, „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, მოსკოვის განცხადებით, სტანდარტული 120 დღის ნაცვლად, შეთანხმება 60 დღით გახანგრძლივდა. რუსეთის ოფიციალური პირებმა დასძინეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აღნიშნული შეთანხმებაც დაირღვევა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე კვირის წინ აღნიშნა, რომ შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ ჩიხში შევიდა და ამაში დასავლეთი დაადანაშაულა.