,,უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის საფუძველს შექმნის,,-ფიცო NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სლოვაკელ კოლეგას, რობერტ ფიცოს შეხვდა. შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართა. ვიზიტის დროს სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ის არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, მაგრამ საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების იდეის მიმართ.
ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ხელს არ შეუშლის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია ექნებათ.
“ჩვენ არ შეგიქმნით დაბრკოლებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იქნებიან ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგი იქნებიან, რომ უკრაინა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას ღიად და გარკვევით ვამბობ”, – განაცხადა ფიცომ.
მან დასძინა, რომ სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის და მის “სამშვიდობო გეგმას”. ფიცოს თქმით, სლოვაკეთი დაინტერესებულია უკრაინის აღდგენით და კეთილმეზობლური ურთიერთობებით.
იქამდე, STVR-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის არასდროს დათანხმდება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას.
„ვიდრე მე ვიქნები სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვიზრუნებ იმაზე, რომ დეპუტატები, რომლებზეც მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, არასდროს დათანხმდნენ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
ალიანსში ახალი ქვეყნის საბოლოოდ მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის საფუძველს შექმნის.
რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ფიცოს თქმით, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არის გზა, რომელიც რამდენიმე წელიწადში არ იქნება გავლილი.
მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის თავმჯდომარე რობერტ ფიცო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გახდა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. მომდევნო არჩევნები 2027 წელს ჩატარდება.
სლოვაკეთის პრემიერი, რომელიც ომის 2027 წლამდე დასრულების შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას აპირებს, მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას დასავლეთი უჭერს მხარს რუსეთის დასაჩოქებლად.
ამასთან, რობერტ ფიცო აპირებს უკვე მომავალ, 2025 წელს, მოსკოვში ჩავიდეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავზე.
სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ფიცომ ისიც განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას, თუმცა ამ გზის გასავლელად რამდენიმე წელი საკმარისი არ იქნება.
5 ოქტომბერს გამოცემა Financial Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დასავლეთის და უკრაინის ოფიციალური პირები განიხილავენ ომის დასრულების სქემას – რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას NATO-ში უკრაინის გაწევრების სანაცვლოდ. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიებით ვაჭრობა დაუშვებელია.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არასდროს გახდეს ნატოს წევრი. პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობად დღესაც ამას ასახელებს და უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებასაც მოითხოვს. უკრაინას თავის ამოცანად გამოცხადებული აქვს როგორც ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, ასევე NATO-ს წევრობა.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრის პრორუსულობა ჯერ კიდევ 2023 წლის არჩევნებიდან გახდა ცნობილი. ფიცოს გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყვიტა და მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის.