უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის
კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ მიზანია, არ დაუშვან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.

კიევში იენს სტოლტენბერგის ვიზიტის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციის” მიზანია, არ დაუშვან უკრაინის NATO-ში გაწევრიანება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რუსეთს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
ეს განცხადება კრემლში იმ ფონზე გააკეთეს, როდესაც კიევში ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იმყოფება.
სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. ის უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს კიევში მოულოდნელად ჩავიდა. სტოლტენბერგმა პატივი მიაგო ომში დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს. ასევე, მან დაათვალიერა კიევის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილი, დაზიანებული რუსული სამხედრო ტექნიკა.