მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ფრონტზე 102 სამხედრო შეტაკება მოხდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის 51 ათასზე მეტი ჯარისკაცის დაიღუპა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 102 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთმა, უკრაინული ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 29 სარაკეტო იერიში და 67 საჰაერო დარტყმა განახორციელა, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
საჰაერო შეტევა იყო სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებზე.
საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 120-ზე მეტი დასახლება.

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და სამი დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 20 აპრილის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“, ორი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და ორი Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქის სამრეწველო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, თუმცა რუსების თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ საღამოს ხერსონის გარეუბანში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო ამბობს, დაღუპული 80 წლის ქალია.
“ჭურვის აფეთქების დროს ქალი გარეთ იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო,” – ამბობს მროჩკო.

რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქის ქალაქი ვოლჩანსკი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“შაბათს, 20 აპრილს, დაახლოებით დილის 8 საათზე, რუსეთის ჯარებმა ვოლჩანსკში 9-სართულიანი შენობა და კერძო სახლი დაბომებს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 60 წლის ქალი. კერძო სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად კი 50 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა”, – აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

“ბიბისის” და “მედიაზონის” ჟურნალისტებმა 19 აპრილს დაადასტურეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის 51 ათასზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვა. ეს მხოლოდ ისინი არიან, ვისი დაღუპვაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ღია წყაროებისა და თავად ჯარისკაცების ნათესავების საშუალებით დაადგინეს.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დანაკარგების რეალური რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.

კვირის განმავლობაში, რაც ბოლო ასეთი ანგარიში გამოქვეყნდა, სიას 625 რუსი ჯარისკაცის სახელი დაემატა.
ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად საჯარო წყაროების საშუალებით აღნუსხავენ დაღუპულ ჯარისკაცებს – მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებების და ადგილობრივი მედიისა და იმ სასწავლებლების ცნობებზე დაყრდნობით, სადაც ჯარისკაცები სწავლობდნენ.

ომში მონაწილე მხარეები ოფიციალურად თავს არიდებენ ომში დანაკარგის შესახებ ცნობების გავრცელებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე;
სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება არ საუბრობდა;
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვალს პირველად გაამხილა უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, მას არ უხსენებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button