უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწინავე ხაზებს ესტუმრა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მახლობლად, რათა პირადად გადაეცა ჯილდოები განსაკუთრებით გამორჩეული მებრძოლებისთვის.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ვიზიტის დროს ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას. ვიზიტის დროს მან მოისმინა ანგარიშები ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ.
„პატივი მაქვს, დღეს აქ ვიყო და დავაჯილდოო ჩვენი გმირები. ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში საკუთარ არხში და ვიზიტის ამსახველი მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა.
„ასეთი რთული ბედი გხვდათ წილად, ისტორიული ბედი – დაიცვათ ჩვენი მიწა და უკრაინა დაუბრუნოთ ჩვენს შვილებს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
„დიდება ყოველ კაცსა და ქალს, რომლებიც ახლა იბრძვიან უკრაინისთვის! ნათელი ხსოვნა მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს დამოუკიდებლობას!“ – დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა საავადმყოფოშიც, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობენ.
უკვე რამდენიმე თვეა ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ბახმუტი უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შეტაკებების მიმართულებაა. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, ცდილობენ თუმცა რუსეთის მუდმივი თავდასხმის მიუხედავად უკრაინელები პოზიციების დაცვას ახერხებენ.