უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ისრაელში არსებულ ვითარებასა და შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე თავდასხმის მოსაგერიებლად.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც იტანჯება ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან და ვუსამძიმრებთ მრავალრიცხოვან მსხვერპლთა ოჯახებს. ახლა მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა ისრაელში უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი დაცვის საკითხზე.
ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ვითარებაზე”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.
ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.