მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„შევხვდი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, ზაპორიჟიეში, სადაც გავცვალეთ არსებითი მოსაზრებები ზაპოროჟიეს ატომური სადგურისა და მისი პერსონალის დაცვის საკითხზე. დავადასტურე, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მხარს უჭერს უკრაინის ბირთვულ ობიექტებს“, – წერს რაფაელ გროსი.
მათივე ცნობით, უკრაინის პირველი პირი გაეცნო ოპერატიულ სიტუაციას და სამხედროებს ჯილდოები გადასცა.

“ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ვეწვიე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ორდენები და მედლები გადავეცი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს ქვეყნის დაცვისთვის. „მადლობა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სახლების, ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინაში სიცოცხლის დაცვისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდ გამარჯვებას და ეს აუცილებლად ახდება“,
“მე მაქვს პატივი, დღეს აქ ვიყო და ყველას მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი შვილების დაცვისთვის… ყველას გამარჯვებას ვუსურვებ. იცხოვრეთ და იბრძოლეთ. თქვენნაირ ადამიანებთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის დამცველებმა ქვეყნის ხელმძღვანელისგან მიიღეს ბოგდან ხმელნიცკის ჯილდოები.
პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა ზელენსკის მონეტა აჩუქეს, რომელიც სამხედრო ძმობის სიმბოლოა.
პუბლიკაციას თან ახლავს ვიდეო სამხედროების დაჯილდოების სცენით. როდის არის ეს კადრები გადაღებული და სად, არ აზუსტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ფორმალურად მოახდინა ზაპოროჟიეს ოლქის ანექსია, რუსეთის სამხედროები ოლქის ტერიტორიის მხოლოდ 70%-ს აკონტროლებენ. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ენერგოდარის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის ოკუპირება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე, კვლავაც უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. რუსეთის ჯარები რეგულარულად უშენენ მას რაკეტებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გროსი მეორედ ჩადის ზაპოროჟიეს აესის მოსანახულებლად. ელექტროსადგური შარშან მარტიდან რუსეთის ჯარების ხელშია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გამოდის მოწოდებით, ზაპოროჟიეს აესის გარეშემო უსაფრთხოების ზონა შეიქმნას. მაგრამ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს პერიოდულად უშენენ ცეცხლს, რის გამოც ევროპის უდიდეს აესს ეთიშება ელექტრომომარაგების გარე წყაროებთან კავშირი და საავარიო რეჟიმზე გადადის.

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სდებენ ბრალს აესისთვის ცეცხლის დაშენაში. კიევი აცხადებს, რომ რუსეთი სადგურს იყენებს შეიარაღებისა და ამუნიციის შესანახად, ასევე იქიდან ცეცხლს უშენს უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში არაერთხელ თქვეს, რომ ელექტრომომარაგებიდან სადგურის გათიშვა ზრდის რეგიონში ბირთვული კატასტროფის საფრთხეს.

ცნობისთვის, ზაპოროჟიე უკრაინის ერთ-ერთი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონია, რომლის ანექსიაც რუსეთმა გასულ წელს მოახდინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button