მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 468 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას რუსეთის ჩადენილი 4 684 დანაშაულია რეგისტრირებული. მათი უდიდესი ნაწილი – 4 533 შემთხვევა, ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, ციფრები ყოველდღიურად, ასეულობით იზრდება.

უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კიევის, ხარკოვის, სუმის, მიკოლაივის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 353 მთავარი ეჭვმიტანილია, მათ შორის რუსი მინისტრები, დეპუტატები, სამხედრო მეთაურები, ოფიციალური პირები, კრემლის პროპაგანდისტები და ომის წამქეზებლები არიან.

ამ დროისთვის პროკურატურას უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 2 400-მდე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული აქვს დაფიქსირებული. მათი უდიდესი ნაწილი 1 608 უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უკავშირდება.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ კიევის მიმდებარე ახლად გათავისუფლებულ ქალაქებს „წამებული რეგიონები“ უწოდა და პირობა დადო, რომ „დასჯის არაადამიანებს, რომლებმაც მათ მიწაზე ყოველივე ეს მოაწყვეს“.

„რუსეთი იქნება პასუხისმგებელი ბუჩაზე ჰააგაში“, – განაცხადა ვენედიქტოვამ.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინის აგრესიას 167 ბავშვი ემსხვერპლა, 279 კი დაიჭრა. თუმცა მათივე  ინფორმაციით, რიცხვები სავარაუდოდ უფრო მაღალია, რადგან შეტაკებების ადგილებიდან სრულ ინფორმაციას ვერ იღებენ.

პროკურორმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები სექსუალურად ძალადობენ უკრაინელ ქალებზე, კაცებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე. ვენედიქტოვას თქმით, პროკურორები ამჟამად „ბუჩაში ექვსი მშვიდობიანი მოქალაქის წამების, მკვლელობისა და დაწვის შემზარავ ფაქტს” იძიებენ.

ამასთან ყველაზე რთულ ლოკაციებად დონბასი და ხარკოვი რჩება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, უკრაინის არმიამ აგრესორთან გამკლავება შეძლოს.
“მეტნაკლებად რთული ვითარებაა დონბასისა და ხარკოვის მიმართულებით. ვაცნობიერებთ, რომ ოკუპანტები რიცხობრივად მეტნი არიან და მეტი ტექნიკა აქვთ, თუმცა ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენმა დამცველებმა მტრის მოგერიება შეძლონ. რუსეთი ახლა ახალ სულელებს აგროვებს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს შორის, ადამიანებს საბრძოლო გამოცდილებითა და წვევამდელებს, რომ ახალი შეტევისთვის გამოგზავნოს აქ, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ვიბრძვით გამარჯვებისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახალი სანქციები, რომელსაც პარტნიორები რუსეთს დაუწესებენ, ბუჩაში ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს.

“ასევე, ვამზადებთ სანქციების ახალ პაკეტს. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ბუჩაში ნახა, სანქციები ამ დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს. ყველას ვურჩევ, იგრძნოს, რომ ახლა ნამდვილად პრინციპულობის დროა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button