მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო

რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში ჩადენილი სასტიკი ქმედებისთვის არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინი, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა სამხედრო მეთაური, ვინც ბრძანებებს გასცემს.

უკრაინის პრეზიდენტის მოლაპარაკებების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამისთვის პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტაა აუცილებელი.

“ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს როდესაც ვპოულობთ, ასეთი რაღაცები არ მესმის. ეს გენოციდია. მთელი ერის და ხალხის განადგურება. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები და არ გვინდა, დავემორჩილოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას. ეს არის მიზეზი, რის გამოც გვანადგურებენ და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ასე რომ, ეს არის მთელი ერის წამება.

მე უნდა დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები. ამიტომ რთული სათქმელია, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რაიმე სახის მოლაპარაკება რუსეთთან, იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთეს – ეს პერსონალურ დონეზეა. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა, ეს უნდა გავაკეთო. ნებისმიერი ომი უნდა დასრულდეს. მე როგორც პრეზიდენტი ვამბობ, დიალოგის გარდა სხვა გზა არაა, თუ არ გვინდა ასიათასობით და მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შეთანხმება ორ მხარეს შორის.

მინიმალური, რომლითაც დეოკუპაცია უნდა დავიწყოთ რუსეთის ჯარების 100%-იანი გაყვანაა იმ საზღვრებში მაინც, რომლებიც 24 თებერვლამდე არსებობდა. ეს საშუალებას მოგვცემს სხვა საკითხების განხილვა დავიწყოთ დეოკუპაციაზე და იმაზე თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ამის შემდეგ. ასე რომ, ჯერ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. ამის შემდეგ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა. როდესაც ომის დასასრული დადგება, შემდეგ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს, ნეიტრალურ, ბლოკსმიღმა სტატუსს, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტისა და ძლიერი არმიის შენარჩუნებით. და თუ ეს შეთანხმება დაირღვევა, ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობა,” – განაცხადა ზელენსკიმ CBS-თან.

რუსეთმა ბუჩაში განვითარებული მოვლენების გამო 4 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

დიპლომატმა კიევის მახლობლად რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ინფორმაციას “უკრაინელი რადიკალების აშკარა პროვოკაცია” უწოდა. “გათავხედებულ უკრაინელ პროვოკატორებსა და მათ დასავლელ მფარველებს სააშკარაოზე გამოვიყვანთ”, დაწერა პოლიანსკიმ ტელეგრამით.

რუსეთის მოქმედებების განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოში თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოითხოვა. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, ბუჩის მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოწოდებით გამოვიდა.

უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს ბუჩაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებით სავსე იყო ქუჩები, მათ ეტყობოდათ წამების კვალი, ჩანს, რომ ნაწილის დაწვა სცადეს. ამ დღეებში ქალაქ ბუჩაში

ნახეს დახოცილი მოქალაქეების გვამები, მათ შორის ზურგს უკან შეკრული ხელებით.
ეს მოხდა რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ, რომელიც ქალაქს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდა.

უკრაინა რუსეთს ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს. დასავლეთის ქვეყნები ახალი სანქციების შემოღებას გეგმავენ კრემლის წინააღმდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და “დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის”

თუმცა სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მასობრივი საფლავებია გათხრილი.

ფოტოებს აშშ-ის კოსმოსური ტექნოლოგიების კერძო კომპანია, Maxar Technologies-ი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ფოტოებით, რომლებიც 31 მარტსაა გადაღებული, საფლავები ეკლესიების ტერიტორიებზეა გათხრილი. თხრილები, სადაც მოკლულებს მასობრივად კრძალავენ, დაახლოებით 13 მეტრის (45 ფუტი) სიგრძისაა.

Maxar Technologies-ის ცნობით, მასობრივი საფლავების გათხრა პირველად 10 მარტს დაიწყეს.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button