მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინს მოლდოვაში შესვლა ეკრძალება- მოლდოვა ცდილობს გახდეს არამეგობრული ქვეყანა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა ეკრძალება, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.
რეჩანის თქმით, მოლდოვას აქვს რუსეთის მოქალაქეების შავი სია, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში შესვლის უფლება.

„რაღაც მომენტში გავაკეთებთ საჯარო სიას, თუმცა ამ მომენტისთვის საკმარისია ის მექანიზმი, რაც დღეს გვაქვს. ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ სიაში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მოლდოვაში შესვლას ცდილობს“, – აღნიშნა რეჩანმა.

ინტერვიუს ბოლოს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვაში არავინ შესულა ისეთი, ვინც ამას არ იმსახურებდა და მოლდოვა არ დაუშვებს ქვეყანაში მათ, ვინც „პროპაგანდას და ომს თესავს“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა მოლდოვას პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკაში შესვლა აეკრძალა. პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლდოვა ცდილობს გახდეს არამეგობრული ქვეყანა.

“ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით”, – თქვა მან.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ კიშინიოვში რატომღაც “ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებას” რუსოფობიის აყვავებასთან აიგივებენ.

“მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს – რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება”, – აღნიშნა პესკოვმა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს. ამის მიზეზი მოლდოვის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო განცხადებები გახდა, – შესაბამის ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

კერძოდ, მოლდოვის საგარეო უწყების პროტესტი გამოიწვია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის კომენტარმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვა, როგორც ქვეყანა, უკვე აღარ არსებობს, რადგან ის რუმინეთს მიჰყიდეს.

მოგვიანებით, კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მოლდოვის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ „ხედავს რუმინეთის მხრიდან შთანთქმისკენ“ სვლას და მოლდოვის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის „განზრახ შეკვეცას“.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებს აბსოლუტურად მიუღებელი და მოლდოვისა და ევროკავშირის მიმართ ცილისმწამებლური უწოდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button