უკრაინის რადამ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი “რაშიზმად” აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონმდებლობაში შეიტანა სიტყვა „რაშიზმი“ მას შემდეგ, რაც სამშაბათს მიიღო დადგენილება სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის მიერ რაშიზმის იდეოლოგიის გამოყენების, რაშიზმის პრინციპებისა და პრაქტიკის, როგორც ტოტალიტარულისა და მიზანთროპულის, დაგმობის შესახებ“.
N9101 დადგენილების შესაბამის პროექტს სამშაბათს გამართულ სხდომაზე 281-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
განცხადება გაეროს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, სხვა სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს მხარი დაჭურონ რაშიზმის იდეოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დაგმობას.
BBC-ის უკრაინული სამსახურის ცნობით, უმაღლესი რადის დეპუტატებმა დოკუმენტის ტექსტში თავი მოუყარეს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების განმარტებებსა და მახასიათებლებს, რომლებითაც ამ ფენომენის მეცნიერულად ახსნას შეეცადნენ როგორც უკრაინელი, ისე დასავლელი ისტორიკოსები, პუბლიცისტები და კულტუროლოგები და რის საფუძველზეც ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაშიზმი თანამედროვე რუსული ფაშიზმია.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა, არაპროვოცირებულმა ომმა მთელი მსოფლიოსთვის ცხადყო ვ. პუტინის პოლიტიკური რეჟიმის რეალური არსი, როგორც ნეოიმპერიული, ტოტალიტარული დიქტატურისა, რომელიც მისდევს წარსულის ყველაზე უარეს პრაქტიკებს და ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს ასხამს ხორცს რუსული ფაშიზმის (რაშიზმის) თანამედროვე ვერსიაში“, – ნათქვამია დადგენილების ახსნა-განმარტებით ნაწილში.
უკრაინელი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მათი დოკუმენტი ხელს შეუწყობს იმას, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ინსტიტუტების ერთიანი მიდგომა რუსეთის იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საფუძვლად დაედო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას.
უმაღლესი რადის მიერ რაშიზმის შესახებ დადგენილებით უბრალოდ დადასტურდა ამ ტერმინის გამოყენების რეალობა, რომელიც დღესდღეობით ჩამოყალიბდა როგორც უკრაინის შიგნით, ასევე გარკვეულწილად მსოფლიო სამეცნიერო დისკუსიაშიც, განმარტავს BBC.
დადგენილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ იგი საერთაშორისო ინსტიტუტებს რუსული პოლიტიკის განსაზღვრისადმი ერთიანი მიდგომის ფორმირებაში დაეხმარება.
გარდა ამისა, უზენაესი რადა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს ქმედითი ზომები რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასასჯელად ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გენოციდისთვის.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ განკარგულებები დასამტკიცებლად წარუდგინა.
უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია. ზელენსკის განკარგულებები ითვალისწინებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას.
უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოქმედებს. ბოლოს ის 20 მაისამდე გახანგრძლივდა.