მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინული მხარე მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას.

ქართველ ხალს შეიძლება, არ ეშინოდეს ახალი ომის, მანამ, სანამ უკრაინა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი საქართველოში მშვიდობის ფასია”, – წერია განცხადებაში.

მათივე თქმით, უკრაინა თანმიმდევრულად, მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”.

26 სექტემბერს თბილისში გამოჩნდა პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი – ფერადი.

კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ – სენაკის თეატრი, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ფონდის” მიერაა რეაბილიტირებული.

ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:

4 – „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

5 – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

25 – „გახარია საქართველოსთვის“.

“არა ომს! აირჩიე მშვიდობა!-ბანერებზე ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა

მედიას პარტია “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ ეს, “რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” კამპანიაა და მმართველი პარტიის შეკვეთით დამზადდა და გაეკრა”. მათი განმარტებით, ის ემსახურება საზოგადოებისთვის იმის შეხსენებას, “საით მიაქანებს ოპოზიცია ქვეყანას”.

მსგავსი პოსტები

Back to top button