უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გათავისუფლებულია სამი დასახლებული პუნქტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გათავისუფლებულია სამი დასახლებული პუნქტი. კონკრეტულად რომელი, ზელენსკის არ უთქვამს.
4 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მებრძოლებს, რომლებმაც დონეცკის ოლქში შედეგი უზრუნველყვეს და დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ზელენსკის განცხადებითვე, 54-ე ბრიგადამაც წინ წაიწია ლისიჩანსკი-სევერსკის მიმართულებით და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 42-ე მოტოქვეითი ბატალიონის გმირული მოქმედებების წყალობით, ორი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული ქვეყნის სამხრეთშიც.
4 სექტემბერს, მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაიბრუნეს ხერსონის ოლქის დაბა ვისოკოპოლიეზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გასულ საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ წარწერით: “ვისოკოპოლიე. ხერსონის ოლქი. უკრაინა. დღეს”. ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ აღმართავენ უკრაინელი სამხედროები სახელმწიფო დროშას ერთ-ერთი შენობის სახურავზე.
ეს ფოტო, წარწერით: “ნაბიჯ-ნაბიჯ”, ტვიტერით გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმაც.
უკრაინის არმია ივლისის ბოლოდან აწარმოებს კონტრშეტევას ხერსონის ოლქში, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ქალაქი ნიკოპოლი ორჯერ დაბომბეს ღამით რუსულმა ჯარებმა ქალაქს მძიმე არტილერიით შეუტიეს
“რუსები ჩვენი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების ტერორს არ წყვეტენ. ღამით ნიკოპოლის რაიონი კვლავ რუსული ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. მძიმე არტილერიიდან ორჯერ გაისროლეს.
ხალხი არ დაშავებულა. ათამდე კერძო სახლი და მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა,” – თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ოკუპანტებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფელზე, დაშავებულია 2 ადამიანი. განადგურდა 16 სახლი.
რუსულმა ძალებმა ღამით 40-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქი. საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეს ოლქშიც.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
………..