მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის სარაკეტო ძალებმა ყირიმში საკის აეროდრომს დაარტყეს

26 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარაკეტო განგაში გამოაცხადა, მაგრამ დაახლოებით ექვს წუთში სარაკეტო იერიშის საფრთხე მოიხსნა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო ძალებმა ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ “საკის” შეუტიეს.

ამასთან, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი „სუსპილნე“ ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებები მოხდა ქალაქებში ევპატორიასა და საკიში, სადაც აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინებში „ფანჯრებს ზანზარი გაუდიოდა“.
უწყება ამბობს, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ ვერ დაიცვეს რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი”, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები, სავარაუდოდ, ისმოდა სოფელ ნოვოფედოროვკის მახლობლად მდებარე საკის სამხედრო აეროდრომზე. საიტი „კრიმსკი ვეტერი“ ამტკიცებს, რომ სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე განადგურდა საბრძოლო მასალების საწყობი. ამის შემდეგ ობიექტზე გაჩნდა ხანძარი და გარკვეული დროის განმავლობაში გაისმა არანაკლებ 13 აფეთქების ხმა. “კრიმსკი ვეტერმა” ცნობას აფეთქების ამსახველი სავარაუდო ფოტოც დაურთო. გარდა ამისა, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, ATACMS-ის კიდევ ერთი რაკეტა საკის რაიონის სოფელ შელკოვიჩნოედან ხუთი კილომეტრის დაშორებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილზე ჩავარდა.

იერიშის შედეგად განადგურა რუსეთის არმიის რადიოსალოკაციო სადგური. ტელეგრამის არხის წყაროების თანახმად, წუხელ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმს ჯამში ATACMS-ის ოთხი რაკეტით შეუტიეს. ორი მათგანი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჰაერშივე ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ანექსირებულ ყირიმზე თავდასხმაზე, წინა შემთხვევების მსგავსად, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button