უკრაინის შეიარაღებულმა ძალება 10 დრონი გაანადგურეს
წუხელ, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევზე. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებული იყო 5 ირანული დრონი Shahed-ი და საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის საბრძოლო მასალა მოხვდა კიევის გოლოსეევსკის რაიონის ადმინისტრაციულ შენობას, რომელიც ნაწილობრივ დაინგრა. დაზიანებულია მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები.
წუხელ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებზეც. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ინფორმაციით, საავიაციო და საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა 10 დრონი გაანადგურეს.
დრონების მოგერიება გასული ღამის განმავლობაში მოხდა.
“ღამით, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, საავიაციო და საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა ვოსტოკმა, სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, გაანადგურეს შაჰედის ტიპის 9 უპილოტო საფრენი აპარატი და 1 მარლინი”, – აცხადებს ვოსტოკის საჰაერო სარდლობა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს 29 დეკემბერს ღამითაც, დილით კი, მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს დედაქალაქ კიევის და კიევის, ხარკოვის, ოდესის, ლვოვის, სუმის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. კიევის ოლქში დანგრეული ან დაზიანებულია 20-ზე მეტი კერძო სახლი და საავადმყოფო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ ზალუჟნის განცხადებით, 29 დეკემბერს რუსეთმა გამოიყენა საჰაერო და საზღვაო ბაზირების და მართვადი საზენიტო რაკეტები. ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 69 ფრთოსანი რაკეტიდან 54 გაანადგურეს. მასირებული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა ისევ მიიტანეს იერიში ქალაქ ხარკოვზე, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა.
ცნობისთვის, რუსული არმია აქტიურად იყენებს ირანული შაჰედის ტიპის დრონებს უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, ასევე Mohajer-6-ის სადაზვერვო და დამრტყმელ თვითმფრინავებს, თუმცა თავის მხრივ ირანი მოსკოვისთვის დრონების მიწოდების ფაქტს უარყოფს.