უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის 419-ე დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ რუსების 70-ზე მეტი თავდასხმა მოიგერია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
როგორც გენშტაბი ყოველდღიურ განახლებაში წერს, ამავე პერიოდში რუსებმა 4 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტებმა 57-ჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და იერიში მიიტანეს უკრაინული ჯარების პოზიციებზე, დასახლებული ტერიტორიებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
უწყება აღნიშნავს, რომ რუსული მხარე შესამჩნევ დანაკარგებს განიცდის, თუმცა კვლავ აგრძელებს საკუთარი ძალების ფოკუსირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. მათი განცხადებით, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.
მათივე ცნობით, ბახმუტი და მარინკა ოკუპანტების თავდასხმების მთავარ ეპიცენტრად რჩება.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 დარტყმა განახორციელეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და მისი სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 18 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 183 130
ტანკი – 3 661
ჯავშანტექნიკა – 7 098
საარტილერიო სისტემა – 2 810
სარაკეტო სისტემა – 538
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285
თვითმფრინავები – 308
ვერტმფრენი – 293
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 353
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 676
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 330.