რეგიონი

უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, დაკავებული ზაზა ბიბილაშვილი და ზურა ხომერიკი დარბაზიდან გაათავისუფლა

ჩამითვალეს, რომ პუტინის გინება არ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში”- ეს განცხადება გირჩი მეტი თავისუფლების წევრმა, ზურა ხომერიკმა, ადმინისტრაციული დაკავებიდან განთავისუფლების შემდეგ გააკეთა.

პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ თელავში, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, დაკავებული ზაზა ბიბილაშვილი და ზურა ხომერიკი დარბაზიდან გაათავისუფლა და საქმის განხილვა გადადო.

განთავისუფლებული პირების მტკიცებით, საგანმანათლებლო სემინარის დასრულების შემდეგ, ისინი თელავის ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რასაც ორი პირის ძალისმიერი მეთოდით დაკავება მოჰყვა.
გირჩი მეტი თავისუფლების წევრის, ზურა ხომერიკის განმარტებით, მას პუტინის გინება არ აპატიეს.

” ჩვენ ვაპროტესტებდით რუსულ აგრესიას და ნამდვილად ვაგონებში პუტინს.ასევე მქონდა ბანერი, სად ერეკლე და სად ღარიბაშვილი. პუტინის გინება არ ჩამოთვალა გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა, დაკავების შემდეგ, შიგნით, მეც და პოლიციელებიც ერთად ვაგინებდით პუტინს. ეს შიგნით შეიძლება და გარეთ, თურმე, არა. დაკავების ოქმში ჩაგვიწერეს, რომ თურმე გინებით ვარღვევდით საზოგადოებრივ წესრიგს.ახლა მოსამართლემ განხილვა გადადო, იმ მოტივით, რომ ჩემი ადვოკატი ვერ ესწრებოდა პროცესს”- განაცხადა ხომერიკმა.

ზაზა ბიბილაშვილის ადვოკატი, საბა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ პოლიციამ დაკავების 48 საათიანი ვადა სრულად გამოიყენა და სასამართლოს ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მიმართა.

” ჩვენ შეგვატყობინეს 15 წუთით ადრე და რომ მოვედი, პროცესი უკვე გახსნილი დამხვდა. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რადგან დაკავების ვადა სრულად გამოიყენეს. ასეთი პროცესები ხშირად იმართება ამ ხელისუფლების პირობებში”- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
საქმის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში 2 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, თელავში, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, ორი პირი 26 თებერვალს დააკავეს.
დაკავება ადმინისტრაციული წესით განხორციელდა. ორივე მათგანს წვრილმა ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button