უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელი ადმირალი სოკოლოვი მოკლეს
რუსეთმა უკრაინაში 276 270 ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური ოპერაციების სარდლობაში აცხადებენ, რომ 22 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი ემსხვერპლა.
სპეციალური ოპერაციების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ოფიცერი, 100-ზე მეტი ოკუპანტი სამხედრო კი დაშავდა 65 კი მოკლეს.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა 22 სექტემბერს განხორციელდა. ადგილზე მყოფების მიერ გავრცელებული ვიდეოების თანახმად, შტაბს, სულ მცირე, ორი რაკეტა მოხვდა. შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია.
23 სექტემბერს უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის იყვნენ რუსი გენერალ-პოლკოვნიკი რომანჩუკი და შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ცეკოვი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დაზვერვა არ საუბრობს, რომელი იარაღი გამოიყენეს თავდასხმისთვის, The Sky News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არ ავრცელებდა. თავდასხმის შემდეგ, უწყებამ განაცხადა, რომ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თუმცა შემდეგ ინფორმაცია შეცვალა და თქვა, რომ ის დაკარგულად მიიჩნიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 276 270 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 4667
ჯავშანტექნიკა – 8927
საარტილერიო სისტემა – 6260
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 791
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 533
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4895
ფრთოსანი რაკეტა – 1518
გემი/ნავი – 20
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8746
სპეცტექნიკა – 918
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.