უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, დაშავდა 140 ადამიანი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოში შეხვედრის გამართვას ითხოვს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 კიევში, 11 დნეპროპეტროვსკის ოლქში.
სარაკეტო დარტყმების შედეგად, 140 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კიევში 74, 2 კიევის ოლქში და 64 დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ასევე, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“-ის ტიპის რაკეტები.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოში შეხვედრის გამართვას ითხოვს და აცხადებს, რომ სამაგიერო გადახდილი იქნება რუსეთის “მასშტაბური” საჰაერო თავდასხმისთვის მთელი უკრაინის მასშტაბით – მათ შორის, როგორც ჩანს, საკრუიზო რაკეტისთვის, რომელიც ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს დაეცა 8 ივლისს, შუადღის წინ.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორმა და ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა სწრაფად დაგმეს რუსეთის თავდასხმები, რომლებსაც, უკრაინის მესვეურთა თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 29 ადამიანი შეეწირა, დაიჭრა კიდევ ათობით პირი. კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.
ზელენსკის თქმით, “სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტმა რაკეტამ” მიზანში ამოიღო კიევი, დნეპროპეტროვსკი და კრივოი როგი ცენტრალურ უკრაინაში, ისევე, როგორც კრამატორსკი და სლოვიანსკი დონეცკის რეგიონში.
ზელენსკის თქმით, ამ დაბომბვების თაობაზე ის მოიწვევს შეხვედრას გაეროს უშიშროების საბჭოში და დასავლეთს მოსთხოვს “უფრო მკაცრი პასუხის” გაცემას.