მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

G7-ის ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

ბულგარეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება, შეუერთდეს G7 ქვეყნების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ.

ბულგარეთის რესპუბლიკა პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, “რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ მოქმედებით პირდაპირ ხელს უწყობს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვას”, – ნათქვამია ბულგარეთის მინისტრთა საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. „ამ თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში, ბულგარეთი უერთდება G7 ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად“, – იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს დაინტერესებულ მხარეებს გადაწყვეტილების შესახებ.

დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთიც შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ავრცელებს.

“ესტონეთი, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, უერთდება უკრაინის მხარდამჭერ დიდი შვიდეულის დეკლარაციას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირის გზაზე”, – წერს კაია კალასი Twitter-ზე. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას საბერძნეთი, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი აწერენ ხელს.

12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის დასასრულს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, დიდი შვიდეულის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და დაუყოვნებლივ უპასუხებენ რუსეთის შესაძლო აგრესიას, თუ ეს მოხდება მომავალში, ანუ მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ.

დიდი შვიდეულის ქვეყნების დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში. ასევე, წვრთნებს უკრაინელი ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button