მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის უმაღლესმა რადამ რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებას უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. ამის შესახებ იტყობინება დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი.

კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საღამოს გამოსვლაში განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა, რეზნიკოვი თანამდებობიდან გადააყენოს. მის ადგილს, სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დაიკავებს მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურას პარლამენტი დაამტკიცებს.

დეპუტატ ჟელეზნიაკის თქმით, რადა ახლა განიხილავს უმეროვის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს, ოთხშაბათს კი დეპუტატები კენჭს უყრიან მის დანიშვნას თავდაცვის მინისტრად.

4 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლექსი რეზნიკოვმა გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა რადას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორი დღის წინ საკადრო ცვლილებების აუცილებლობის ახსნისას აღნიშნა, რომ რეზნიკოვი სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის მინისტრად. „ჩემი აზრით, სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან,“ განაცხადა ზელენსკიმ. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური აღნიშნავს, ზელენსკი პარლამენტისგან მოელის, რომ ის მხარს დაუჭერს რუსტემ უმეროვის კანდიდატურას.

4 სექტემბერს რეზნიკოვმა თავისი მუშაობის შესახებ განაცხადა, რომ მისი აქტიური მონაწილეობით მოხერხდა დასავლეთის დათანხმება, კიევისთვის შეიარაღების თანამედროვე სახეობები მიეწოდებინა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას მხარი 327 დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button