უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი უკრაინელებს მოუწოდებს სამშობლოში ზამთრისთვის არ დაბრუნდნენ

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი და მინისტრი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკი უკრაინელებს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, სთხოვს, სამშობლოში ზამთრისთვის არ დაბრუნდნენ, რადგან ის შეიძლება რთული იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის ტერორისტული თავდასხმების გამო.
მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორზე გადავიდა, რადგან არმიას ვერ ებრძვის და ბრძოლის ველზე აგებს.
ირინა ვერეშჩუკმა განმარტა, რომ თუ საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს საშუალება აქვთ ზამთარი იქ გაატარონ, მაშინ ასე უნდა მოიქცნენ.
„გთხოვთ, არ დაბრუნდეთ, ზამთარი უნდა გადავიტანოთ. სამწუხაროდ, ქსელები ვერ გაუძლებს, ხედავთ რას აკეთებს რუსეთი. თუ შესაძლებელია, დარჩით, საზღვარგარეთ გამოიზამთრეთ“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.
შეგახსენებთ, 10 -20 ოქტომბრის პერიოდი რუსეთმა უკრაინის 16 ოლქში სარაკეტო იერიშებითა და „კამიკაძე-დრონებით“ 400-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის ათობით ენერგეტიკული ობიექტი, დააზიანა.
ამასთან ოლონეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს შეღავათების ნაწილს მოუხსნის. როგორც პოლონური მედია წერს, მთავრობა გეგმავს ცვლილებებს კანონში, რომელიც უკრაინელი მოქალაქეების დახმარებას განსაზღვრავს. კერძოდ, უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში ჩავიდა, ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომრის მიღება მოუწევს.
მედიის ცნობით, მათ შეეზღუდებათ წვდომა სოციალურ შეღავათებთან და დანახარჯების ნაწილის დაფარვა თავად მოუწევთ.
„ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ლტოლვილების საცხოვრებლებს სამუდამოდ. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს 80 000 ლტოლვილი, რომლებიც საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ“, – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
2023 წლის თებერვლიდან ამ საცხოვრებლებში 120 დღეზე მეტხანს მყოფ უკრაინელებს კომუნალური გადასახადების 50%-ის, ხოლო 2023 წლის მაისიდან 75% გადახდა მოუწევთ. ამასთან. როგორც პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ სოციალური დაცვის სააგენტო და ადგილობრივი მთავრობა მეტ ინფორმაციას მიიღებს იმ უკრაინელებზე, ვინც პოლონეთში ჩადის. როგორც მედია წერს, შესაბამისად, მეტი ბერკეტი გაუჩნდებათ, რათა სოციალური შეღავათებით უკანონოდ სარგებლობის შემთხვევები აღმოიფხვრას