უკრაინისთვის საჭიროა დამატებითი იარაღი რათა კონტრშეტევა დაწყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ შეუძლიათ კონტრშეტევის დაწყება, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი.
ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის საჭიროა დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და თვითმფრინავები.
“ჯერ ვერ დავიწყებთ [კონტრშეტევას], ვერ გავგზავნით მათ [ჯარისკაცებს]”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რთული ვითარებაა, ძირითადად საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო. მისი თქმით, უკრაინა მისი პარტნიორებისგან საბრძოლო მასალას ელოდება. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები ყოველდღიურად სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას იყენებენ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები.
უკრაინის ცნობით, 24 მარტს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 59 თავდასხმა 5 მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებით. რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე შეტევას არ წყვეტენ.
აშშ-სა და კანადის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და განაცხადეს, რომ რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას, შეუძლია მათი იმედი ჰქონდეს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადებები ოტავაში გააკეთეს, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება.
ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადამ უკვე გაუწია კიევს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება, მათ შორის საარტილერიო, ჯავშანტექნიკა, ტანკები და საბრძოლო მასალებით და რომ კანადელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს 2015 წლიდან წვრთნიან.
ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს, კანადისა და მოკავშირეების მიერ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოქმედებს და კრემლის სამხედრო ბიუჯეტი იწურება.
ოტავას პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთის პრეზიდენტმა ვერ მიაღწია მიზნებს.
„მისი ახალი ტერიტორიებისა და ძალაუფლების წყურვილი არასოდეს დაკმაყოფილდება, რადგან უკრაინელი ხალხის სიყვარულს თავისი ქვეყნისადმი, ყველაფრის დაძლევა შეუძლია” – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა ვერ შეარყია ნატოს გადაწყვეტილება.
”პუტინი დარწმუნებული იყო, რომ მას შეეძლო ნატოს განადგურება, მაგრამ აშშ და კანადა შეინარჩუნებენ ძლიერ და ერთიან ალიანსს და ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რადგან თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე.” განაცხადა ჯო ბაიდენმა.