უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემა მოსკოვისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემა მოსკოვისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოსთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მოადგილემ, ალექსეი პოლიშუკმა გააკეთა.
მისი თქმით, მოსკოვში აანალიზებენ აშშ-ის და მისი მოკავშირეების ქმედებებს და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ადგენენ საპასუხო ნაბიჯებს. პოლიშუკის თქმით, მოსკოვს საკმარისად აქვს ინსტრუმენტები მათი რეალიზაციისთვის.
ამავე ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ კიევს ეხმარება უცხოელი მებრძოლების დაქირავება-გადაბირებაში და აძლევს მათ საბრძოლო მოქმედებების წარმოების ორიენტირებს, რაც ვაშინგტონს კონფლიქტის მხარედ აქცევს.
მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ არ ამბობენ უარს კიევთან მოლაპარაკებებში შუამავლობაზე. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, შუამავლობის სურვილი ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებამდე, მათ უნდა აიძულონ კიევს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მისივე თქმით, რუსეთის მიერ მიერთებული ახალი ტერიტორიების საკითხი განხილვის საგანს არ წარმოადგენს.
რუსეთი ცდილობს, ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ღია ომში ჩაითრიოს, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ.
„ჩვენ ვხედავთ ღონისძიებებს, რომლებსაც რუსეთი იმისთვის ატარებს, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობა აიძულოს, ომში ღიად ჩაებას. გამუდმებით ტარდება პუტინსა და ლუკაშენკას შორის შეხვედრები, სადაც ეს საკითხი განიხილება, და პუტინი ცდილობს, ლუკაშენკა ამ გადაწყვეტილებაზე დაიყოლიოს,“ განაცხადა სკიბიცკიმ სატელევიზიო გამოსვლაში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ამჟამად უკრაინის საზღვრის გასწვრივ და მის უშუალო სიახლოვეს ბელარუსის ექვსი სამხედრო ქვედანაყოფია განლაგებული.
უკრაინის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ ლუკაშენკა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბელარუსის ჯარების მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გუშინ ბელარუსში უკრაინის ელჩს გადაეცა დიპლომატიური ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედრო ძალები თითქოს ბელარუსის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას გეგმავენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელარუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა არასდროს დასხმია თავს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს და მტკიცედ იცავს საერთაშორისო კანონის ნორმებსა და პრინციპებს.
უკრაინამ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას „შეწყვიტოს კრემლის ახირებების შესრულება“, ბელარუსის მოსახლეობას კი მიმართა, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბელარუსი არ მონაწილეობს და არც შემდგომში მიიღებს მონაწილეობას ომში. მისი განცხადებით, ის მხოლოდ ლტოლვილებსა და დაჭრილებს მიიღებს. თუმცა, ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოიყენება უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად.
როგორც რუსეთის მოკავშირეს, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ბელარუსს არაერთი სანქცია დაეკისრა აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.