უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე 103 შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მიმართულებით რუსების მიერ განხორციელებული 33 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე 103 შეტაკება მოხდა. სულ, რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 59 შეტევა და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 7 დრონიდან 4 ჩამოაგდეს.
ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი არტილერიით დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მისი თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქი კუპიანსკიც, სადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
“მტრის მხრიდან საარტილერიო და ნაღმმტყორცნებიდან იერიში განხორციელდა რეგიონის 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. მათ შორის დაიბომბა კოზაჩა ლოპანი, ხარკოვის რაიონი; ვოვჩანსკი, ვოვჩანსკი ხუტორი, ჩუგუივის რაიონის ბუდარკი; დვორიჩნა, სინკივკა, ივანივკა, ბერესტოვი, კუპიანსკის რაიონი,” – წერს სინებუგოვი Telegram-ზე.