უკრაინული დრონები მეტალურგიულ ქარხანასა და სამხედრო მიზნებისთვის რუსეთში არსებულ სხვა ობიექტებს თავს დაესხნენ
უკრაინის თქმით გაანადგურეს 1006 რუსული ტანკი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო

უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ღამით უკრაინული დრონები მეტალურგიულ ქარხანასა და სამხედრო მიზნებისთვის არსებულ სხვა ობიექტებს ბელგოროდის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებში თავს დაესხნენ.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ცნობით, დარტყმების სამიზნე ქალაქ ლიპეცკში მდებარე ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი და ტრაქტორების ქარხანა იყო, რომლებსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ამ ოლქების გუბერნატორებმა დილით განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმა იყო, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.. კონკრეტულ შედეგებზე წყაროს არაფერი უთქვამს.
“ორივე საწარმოს აგრესორი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ამ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას აფეთქების და საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმები ესმოდა,” – განუცხადა Kyiv Independent-ს წყარომ.
ქალაქ ლიპეცკში მდებარე ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი რუსეთში უმსხვილესი ფოლადსასხმელო ქარხანაა.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა დაადასტურა, რომ ქალაქის სამრეწველო ტერიტორიაზე დრონებით შეტევა იყო, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ ლიპეცკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ გაანადგურეს 1006 რუსული ტანკი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
უწყების ცნობით, ტანკების უმეტესობა განადგურდა დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში სასტიკ ბრძოლებში, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ჯარისკაცები ხშირად ცდილობდნენ უკრაინის დაცვითი პოზიციების გარღვევას მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით.
“ტელეგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში უწყება წერს, რომ რუსული ჯავშატექნიკის დიდ რაოდენობაზე თავდასხმა შეტევის საწყის ეტაპზევე მოხდა, სანამ ისინი უკრაინის პოზიციებზე შეიჭრებოდნენ და რომ ზოგიერთი ტანკი განადგურდა ეკიპაჟთან ერთად.
“მტრის ტანკების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ჯავშანსატანკო იარაღისა და უპილოტო სისტემების (დრონები) მაქსიმალური არსენალი”, – ამბობს უწყება.