უკრაინული სარდლობა აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში ჩაძირეს რუსული სატვირთო გემი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე გაანადგურეს რუსი სამხედროების სატვირთო გემი.
სარდლობის თანახმად, მოწინააღმდეგე ახალი კახოვკის რაიონში ცდილობდა მდინარეზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობას, რისი შესაძლებლობაც უკრაინელმა სამხედროებმა „საცეცხლე კონტროლით“ არ მისცეს და ჩაძირეს ბარჟა, რომელზეც პირადი შემადგნლობა იმყოფებოდა და დატვირთული იყო შეიარაღებით და ტექნიკით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხერსონის ოლქში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ არაფერს იუწყება, ოლქის პრორუსული, ე.წ. სამოქალაქო ადმინისტრაცია კი, ტელეგრამ-არხზე ჯერჯერობით მხოლოდ იმას წერს, რომ ღამის განმავლობაში, ახალ კახოვკაში სულ მცირე ორჯერ ამუშავდა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და სამი აფეთქება მოხდა.
ამ ზაფხულს, უკრაინის არმიამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, ამერიკული სარაკეტო სისტემების HIMARS-ის გამოყენებით მწყობრიდან გამოიყვანა მდინარე დნეპრზე მდებარე საავტომობილო ხიდები, რომლებსაც რუსული ჯარების გადაადგილებისა და მომარაგებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.