მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს

ომის დაწყებიდან დღემდე 158 000 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 1000-ზე მეტი ბოლო დღე-ღამეში

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქზე 29 საავიაციო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტებმა 100-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები კვლავ ცდილობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკისა და შახტერსკის მიმართულებებზე შეტევისკენ.

უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინის ძალებმა რუსეთის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის 16 ადგილზე, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციასა და საბრძოლო მასალების საწყობზე განახორციელეს დარტყმა. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი.

„უკრაინულმა ავიაციამ ერთ დღეში 16 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემის პოზიციებს“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა რუსების კუთვნილი ორლან-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 5 ტერიტორიას და მტრის საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 158 000 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3458
ჯავშანტექნიკა – 6762
საარტილერიო სისტემა – 2483
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 493
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 257
თვითმფრინავი – 304
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2108
ფრთოსანი რაკეტა – 907
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5344
სპეცტექნიკა – 242

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button