მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ არსებობას წყვეტს

თითქმის 32 წლიან არსებობას წყვეტს ცნობილი რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“. მისი მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის მიერ დღეს, 3 მარტს, ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით.

ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, 1 მარტს რადიოსადგური “ეხო მოსკვი” ეთერიდან გათიშეს და მისი საიტი დაბლოკეს. „ეხო მოსკვი“ ეთერში პირველად გავიდა 1990 წლის 22 აგვისტოს. არსებობის განმავლობაში რადიოსადგური ეთერიდან ერთადერთხელ გათიშეს, 1991 წელს მომხდარი პუტჩის დროს. 2020 წლის მონაცემებით, რადიოსადგურის აქციათა 66%-ს ფლობდა „გაზპრომ-მედია ჰოლდინგი“.

რუსეთის ფედერალური უწყება „როსკომნადზორ“-ი რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტის(Svoboda.org) დაბლოკვით იმუქრება და საფუძვლად ასახელებს გენერალური პროკურატურის მიმართვას.

რედაქციამ 2 მარტს, საღამოს მიიღო ექვსი შეტყობინება იმის შესახებ, რომ „როსკომნადზორ“-ი მოითხოვს საიტიდან წაიშალოს ახალი ამბები უკრაინის ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელ სახლებზე იერიშების და უკრაინის მხარდამჭერი ჰაკერების მიერ რუსული საიტების პარალიზების შესახებ. ასევე, მასალა, რომელიც ასახავს სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქციებს უკრაინაში საომარ მოქმედებებზე.

„როსკომნადზორ“-ის თანახმად, ეს მასალები შეიცავს წინასწარ განზრახულ ცრუ ინფორმაციას უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, ადამიანებში იწვევს პანიკურ განწყობებს და ქმნის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების მასობრივი დარღვევების საფუძველს.

ამასთან, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ევროპელმა მარეგულირებლებმა და სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.

შეგახსენებთ რომ რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის უკვე დაბლოკეს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტების, Настоящее Время-ს და Крым.Реалии-ის საიტები.

მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 1 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ ეთერიდან გათიშა რადიოსადგური Эхо Москвы და მისი საიტი დაბლოკა. დაბლოკილია ტელეარხ Дождь-ის და რამდენიმე გამოცემის საიტებიც.

გარდა ამისა პარაოლიმპიელებს რუსეთსა და ბელარუსიდან პარაოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მათ ნება დაერთოთ ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობაზე, თუმცა აკრძალვა ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობასაც შეეხება.

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „ტოიოტა“ აცხადებს, რომ ერთადერთ რუსულ ქარხანაში, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს, მუშაობას აჩერებს. იაპონურმა კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მან „შეაჩერა ავტომობილების იმპორტი, შემდგომ შეტყობინებამდე, მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო”, რადგან რუსეთს მკაცრი საერთაშორისო სანქციები ემუქრება.

„ტოიოტას“ უკრაინაში არ აქვს ქარხნები, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემდეგ მან ქვეყანაში ყველა გაყიდვა შეაჩერა. „ჩვენი პრიორიტეტი ამ კრიზისთან გამკლავებისას არის ჩვენი გუნდის ყველა წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისათვის, გასულ წელს „ტოიოტამ“ სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში 80 000-მდე ავტომობილი გამოუშვა და მათი უმეტესობა რუსულ ბაზარზე გაიყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button