რეგიონი

“უკვე ინფექციური დაავადებების გაჩენის გვეშინია”- თელავში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ორ თვეზე მეტია, კავკასიონის ქუჩაზე, საკანალიზაციიო ჭებიდან ფეკალური მასები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში მიდის.

ადგილობრივების ინფორმაციით, ფეკალური მასების გადმოსვლა ჯერჯერობით დაუდგენელი კომპანიის მიერ, საკანალიზაციო ჭების მიწით ამოვსებამ გამოიწვია.
მოსახლეობა შიშობს, რომ ანტისანიტარიამ, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებში გაჩნდა, შესაძლოა ინფექციური დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს.

“გაუსაძლისი ვითარებაა, სადაც არის რამე ინფექციური დაავადება აფეთქდება.ორ თვეზე მეტია, არჩევნების დროს, ეს გროვები დააყარეს ჭებს, გადაივსო, დაზიანდა და კორპუსების სარდაფები სავსეა ამ სიბინძურით. განსაკუთრებით პირველ სართულებზე უმძიმესი მდგომარეობაა, ცხოვრება აღარ შეიძლება.საკანალიზაციო სისტემა ისედაც მოძველებულია, რაგბის ბაზა რომ ააშენეს, ისიც ჩვენს სისტემაზე დააერთეს, ვერ უძლებს ამდენ დატვირთვას”-ამბობენ ადგილობრივები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, რომ მიწის ნარჩენები მერიის არცერთ კონტრაქტორ კომპანიას არ ეკუთვნის და ზედამხედველობის სამსახური დამრღვევის გამოვლენაზე მუშაობს.

” არცერთ ჩვენს კონტრაქტორს ეს არ გაუკეთებია. ზედამხედველობის სამსახური მუშაობს, რომ გამოავლინოს ვინ დაყარა, დააჯარიმებს კიდეც და გატანასაც აიძულებს“- განმარტეს მერიაში.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, რომელიც თელავის წყალგაყვანილობასა და საკანალიზაციო სისტემებზეა პასუხისმგებელი, პრობლემაში გარკვევა მხოლოდ დღეს დაიწყო.

“დღეს ადგილზე უნდა მისულიყვნენ ჩვენი წარმომადგენლები , თელავის მერი დაგვიკავშირდა. ვნახავთ რა ხდება, რა პრობლემაა და დამატებით შეგატყობინებთ”– განაცხადა კომპანიის კახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ჯონი ოსიაშვილმა.

მოსახლეობა პრობლემის უახლოეს დღეებში გადაწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button