მნიშვნელოვანისიახლეები

უმუშევრობის დონის შემცირება სწორი პოლიტიკით არის გამოწვეული-ოცნება შედეგით კმაყოფილია

მესამე წელია, საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა აქვს

ისეთი ეკონომიკური აქტივობები, როგორიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს, მთელი რიგი ეკონომიკური წარმატებები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე აისახა, მაგალითად, ვალუტის სტაბილურობაზე, ინფლაციის დონეზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არ სურს პასუხი გასცეს ოპოზიციონერი დეპუტატებისა და გარკვეული ექსპერტების იმ შეფასებებს, რომლებიც ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით გააკეთეს.

„ყველაფრის მცოდნე ოპოზიციურ დეპუტატებსა და მათ ექსპერტებს, არ მინდა, პასუხი გავცე. ჯერ მეთოდოლოგიაში გაერკვიონ, კარგად წაიკითხონ, რა წერია. ერთადერთი ნეგატივი, რასაც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვხედავ, ის არის, რომ ქალები გვჯობნიან მამაკაცებს. რა თქმა უნდა, ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ. ქალები მეტად იჩენენ დაინტერესებას, საქმდებიან კიდეც და მამაკაცები ჩამორჩებიან. ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს მოვუწოდებდი, რამენაირად მივბაძოთ ჩვენს ძვირფას ქალებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით პოზიტიური მაჩვენებლები სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„სოციალურად დაუცველებს ვაძლევდით კომპენსაციას და მათ ირიბად ეკრძალებოდათ დასაქმება, რადგან დაკარგავდნენ სოციალურად დაუცველის სტატუსსაც, კომპენსაციასაც. პრემიერ-მინისტრმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ახლა ეს ადამიანებიც დასაქმებული არიან. მილიონ ოთხასი ათასი ადამიანი არის დასაქმებული, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. სამუშაო ადგილების შექმნას იწვევს ეკონომიკური პოლიტიკა, სტაბილურობა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. სწორედ სტაბილურობამ, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია პოზიტიური მაჩვენებლები“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მესამე წელია, საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა აქვს. პირველი ორი წელი იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, პირველი კვარტლის მონაცემებით, წელს 7,6% იყო ზრდა. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ბაზარზე მოთხოვნის გაზრდასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირებულია.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაციის, შრომითი რესურსების მომზადება, რასაც სახელმწიფო ახორციელებს.

„ამასთან, ზოგადად, გარკვეული მიმართულებების მიხედვით, სამუშაო ბაზარზე გარკვეული დეფიციტიც შეინიშნება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს, მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაციის, შრომითი რესურსების მომზადება. სწორედ პროფესიული კოლეჯების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი განათლების მიმართულებით, რისი განვითარებაც ახლა მიმდინარეობს. მონაცემებში საგულისხმოა, რომ უმუშევრობის შემცირება მიგრაციული პროცესებით არ არის გამოწვეული, ანუ არსებულ ბაზარზე მოხდა დასაქმება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button