„მწვანე ალტერნატივა” შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
საქმე გვქონდა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა

“მწვანე ალტერნატივა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენის გამო და შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ორგანიზაცია განმარტებას აკეთებს მათ მიერ 2023 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
კერძოდ, საუბარია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენზე – საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის.
განცხადების თანახმად, სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენებში შოვისათვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდინარე ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი.
შესაბამისად ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვის და კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი.
„ბიულეტენის თანახმად, გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან 2021 წლის ჩათვლით ჩატარებული სხვადასხვა მასშტაბის კვლევების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 83 დასახლება. ონის მუნიციპალიტეტის სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების რუკის თანახმად, შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.
ამავე ბიულეტენის თანახმად, გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია სოფელი გლოლა, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდ. დღვიორას ხეობაში განვითარებული ღვარცოფული პროცესები, რომელიც საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
კურორტი შოვისათვის გეოლოგიური საშიშროების რისკის მაღალი კატეგორიის მინიჭება არ მომხდარა მხოლოდ 2021 წელს მდ. დღვიორას მიერ შექმნილი პრობლემების გამო.
სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენებში შოვისათვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდ. ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც ასევე მაღალი რისკის ზონად არის განსაზღვრული კურორტი შოვი, საფრთხედ მდ. დღვიორასთან ერთად დასახელებულია მდ. ჭანჭახის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადიც:
მდ. ჭანჭახის შენაკად მდ. ბუბასთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენაზე და მისგან კურორტ შოვისთვის შექმნილ პრობლემაზე 2017 წლის 7 ივლისს ვიდეო გამოაქვეყნა ონის მუნიციპალიტეტის მერიამაც.
მიგვაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვის და შესაბამისი სტრუქტურების მიერ კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი. ეს კი, თავის მხრივ, იქნებოდა 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე უფრო დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების გარანტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ინფორმაციასა და მონაცემზე დაყრდნობით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით შემუშავდა დასკვნა, რომელიც დღეს გაეცნობა საზოგადოებას და რომელიც დაგროვილ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს გასცემს. პირველადად შემიძლია ვთქვა, რომ საქმე გვქონდა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ დროს, მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ექვსი ჯგუფი მუშაობდა ადგილზე. მათ განახორციელეს საველე გასვლები, დეტალური დათვალიერება ტერიტორიის, ინტსრუმენტული მონიტორინგი. ჩვენი სპეციალისტები ორჯერ შეფრინდნენ ხეობაში. გარდა ამისა, ჩვენ მნიშვნელოვანი ანალიზი გავუკეთეთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩვენი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, თუ სხვადასხვა ტიპის სადგურიდან და მოწყობილობებიდან მივიღეთ. ბუნებრივია, ყველა ამ ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა ის დასკვნა, რომელიც დღეს გაეცნობა საზოგადოებას და რომელიც ვფიქრობთ, გასცემს იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხს, რომელიც დაგროვდა ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებაში ვხედავთ, რომ არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა. მსგავსი დაუზუსტებელი ინფორმაციების გავრცელება მიზნად ისახავს საბოლოოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კიდევ ერთხელ მინდა, ყველას ვთხოვო, ამ მძიმე ემოციურ ფონზე არ შეიძლება, თავს მივცეთ უფლება, გავავრცელთ ისეთი ინფორმაცია, რაც კონკრეტულ მონაცემებს არ ეყრდნობა და მსგავსი სტიქიების დროს მონაცემებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
დასკვნასთან დაკავშირებით პირველადად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა საქმე. კლდე ზვაური მასა მოწყდა ხეობაში და გამოიწვია მასშტაბური სტიქიური პროცესი, რომელსაც თან დაერთო ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, ტყე ზვაური პროცესის მოწყვეტა ბუნებრივი კლიმატური ცვლილებების ფონზე ხდება და ბუნებრივია, გარკვეული ნალექების რაოდენობაც დაემატა. ჯამში რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია ის მასშტაბური სტიქია, რაც ვნახეთ. როდესაც საქმე გვაქვს ასეთი ბუნებრივი მოვლენების ერთობლიობასთან, პრაქტიკულად შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შემიძლია გავამახვილო ყურადღება.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აინტერესებს საზოგადოებას, გაჟღერდა, თითქოს სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე იქ იყო შეგუბება, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მასშტაბური სტიქიური პროცესი. ეს ინფორმაცია არის დაუდასტურებელი, დაუზუსტებელი, რადგან ჩვენი ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურების და წყლის დონის მზომის მონაცემებით, მდინარის აუზში არ ფიქსირდება მსგავსი კლება, რომელიც დაადასტურებდა ამ მცდარ მოსაზრებას, რომ იქ გარკვეულ დიდი შეგუბებას ჰქონდა სტიქიამდე ადგილი.
ბუნებრივია, საზოგადოება დასკვნასთან დაკავშირებით მეტ დეტალს დღეს გაიგებს და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ, რომ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას. არის ურთულესი ვითარება, ძალიან მძიმე სტიქიური მოვლენა, რომელიც, სამწუხაროდ, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე ვითარდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომელთა წინასწარ პრგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტ დეტალს ამ წუთას ვერ მოგახსენებთ. რაც შემიძლია გითხრათ, ბუნებრივ მოვლენებს აქვთ ერთმანეთთან კავშირი, საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მოვლენათა ერთობლიობა ქმნის მასშტაბს სტიქიისას, რაც ვიხილეთ ხეობაში და მიზეზებთან დაკავშირებით ჩვენი სპეციალისტები დეტალურად ისაუბრებენ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მოცემულ ეტაპზე ამ კონკრეტულ ხეობაში მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას არ ელოდებიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციალისტები რჩებიან ადგილზე და მუდმივად მიმდინარეობს პროცესების მონიტორინგი. ძალიან დეტალურად გავაკეთებთ განმარტებებს, მათ შორის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც, რაც შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც საქმე გვაქვს მსგავსი მასშტაბიც მოვლენასთან. ასეთი მოვლენის პროგნოზირება წინსწრებით შეუძლებელია“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.