უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ G20-ში
დიდი ოცეულის სამიტი 30-31 ოქტომბერს გაიმართება
შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აფასებენ, უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ G20-ში. ამის შესახებ Reuters-ს დისკუსიაში ჩართულმა წყაროებმა განუცხადეს.
წყაროების ცნობით, იმის ალბათობა, რომ რუსეთის გარიცხვის მცდელობას, შესაძლოა, ვეტო დაადონ სხვა წევრებმა (ჯგუფი მოიცავს ჩინეთს, ინდოეთს, საუდის არაბეთს და სხვებს) ზრდის პერსპექტივას, რომ ზოგიერთი ქვეყანა წელს G20-ის შეხვედრებს გამოტოვებს.
“იყო დისკუსია იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა რუსეთისთვის G20-ის ნაწილი იყოს” – თქვა G7-ის მაღალჩინოსანმა წყარომ.
ევროკავშირის წყარომ ცალკე დაადასტურა რუსეთის სტატუსის შესახებ დისკუსიები G20-ის მომავალ შეხვედრებზე, რომლის მონაცვლე თავმჯდომარე ამჟამად ინდონეზიაა.
“ინდონეზიას ძალიან მკაფიოდ უთხრეს, რომ რუსეთის ყოფნა მომავალ მინისტერიალებზე ევროპული ქვეყნებისთვის უაღრესად პრობლემურია”, – თქვა წყარომ და დასძინა, რომ, არ არსებობს რაიმე მკაფიო პროცესი ქვეყნის გამორიცხვასთან დაკავშირებით.
G7-ის წყარომ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ინდონეზია, რომელიც ამჟამად G20-ს ხელმძღვანელობს, ან ისეთი წევრები, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი, დათანხმდნენ რუსეთის ამოღებას ჯგუფიდან. ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
Reuters-ის ცნობით, სამშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა აშშ-ს ოფიციალურ პირებს, რომ შეცვალოს რუსეთი G20 ჯგუფში და რომ შეთავაზებაზე მიიღო “პოზიტიური პასუხი”.
ცნობისთვის, G20 არის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმი. რუსეთი G7-ის წევრიც იყო, თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გააძევეს.
გარდა ამისა შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სანქციებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხუთშაბათს, 24 მარტს გახდება ცნობილი.
“რუსეთის არმია და პრესტიჟი ამოწურულია, მათი ჯარი დრამატულად დამარცხდა” – ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეკ სალივანმა განაცხადა.
“რუსეთი შეეცადა სამი ძირითადი მიზნის მიღწევას არაპროვოცირებული იერიშით უკრაინის წინააღმდეგ, პირველი მიზანი იყო უკრაინის დამორჩილება, მეორე – რუსეთის ძალაუფლებისა და პრესტიჟის გაძლიერება და მესამე – გაეხლიჩა და დაესუსტებინა დასავლეთი. რუსეთი ამის შემდეგ ცხადად დამარცხდა სამივე მიზნის მიღწევისას და ფაქტია, რომ მან საპირისპიროს მიაღწია.
პირველი მიზნის მიღწევას მამაცი უკრაინელი ხალხი ეწინააღმდეგება, შეტევაზე გადავიდნენ და იცავენ საკუთარ სახლებს, საკუთარ ქალაქებს და რუსეთმა შესაძლოა აიღოს მეტი ტერიტორია ამ სისხლიანი სამხედრო ოპერაციისას, ის ვერასდროს წაართმევს ქვეყანას უკრაინელ ხალხს.
რუსეთის არმია და პრესტიჟი ამოწურულია, რუსული ჯარი დრამატულად დამარცხდა, რუსული ეკონომიკა წნეხშია ძლიერი სანქციების ქვეშ და რუსეთი წარმოადგეს განდევნილს თავისუფალი სამყაროს მიერ” – აცხადებს სალივანი.
რუსეთის პრეზიდენტი G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ელჩმა ინდონეზიაში ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა. მისი განცხადება ზოგიერთი ქვეყნის მოწოდებას მოჰყვა, რომ რუსეთი G20-დან გარიცხონ.
„არა მხოლოდ G20, არამედ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გარიცხვას. დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია“, – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, დიდი ოცეულის სამიტს, მიმდინარე წელს სწორედ ინდონეზია მასპინძლობს. ის 30-31 ოქტომბერს გაიმართება.