უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე-გახარია
ექსპრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციით გამართულ შეხვედრას, რომელიც ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
“ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე”, – წერს გახარია.
მისი თქმით, სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს.
გიორგი გახარია მთაწმინდაზე ზვიად გამსახურდიას საფლავზე იმყოფებოდა. მან პატივი მიაგო ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც, მთავრობის ყოფილი მეთაურის განმარტებით, განმსაზღვრელია ქვეყნის ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და დამოუკიდებლობის აღდგენაში.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია ზუგდიდში აპირებდა ჩასვლას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან მისვლას. მანამდე, პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.
ზვიად გამსახურდიას ხსოვნას კი, პირველი პატივი 87 წლის ნუცა რაფავამ მიაგო.
ზვიად გამსახურდია დღეს 82 წლის გახდებოდა.
პირველი პრეზიდენტი 1992 წლის 31 დეკემბერს, ხობის სოფელ ძველ ხიბულში, კარლო ღურწკაიას სახლში მოკლეს თუ თავი მოიკლა, ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.