“უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება”- ნილს სკოტი მუხთარლის საქმეზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით გამოძიების ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველოში გაეროს ელჩი.

ნილს სკოტის თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.

“ეს საქმე სამართლიანად უნდა იყოს გამოძიებული. უნდა მივიღოთ ახსნა თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტი საზღვრის მეორე მხარეს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების გამჭვირვალობაა. ყველა საქმე, რომელიც მედიისა და სიტყვის თავისუფლებას ეხება, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება და გამოძიება ევროპული დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს,” – განაცხადა ნილ სკოტმა.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. თავად ამბობს, რომ საქართველოდან გაიტაცეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button