მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” ბრალდებული მეწილე გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

“ბატონო მოსამართლე, უკანონო პატიმარი ვარ, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩემს მიმართ.” – განაცხადა სხდომაზე გიორგი რურუამ.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე გიორგი რურუას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დიდია და მიაჩნია, რომ გირაოს შეფარდება საფრთხის შემაკავებელი ვერ იქნება.

დღევანდელ სასამართლო პროცესამდე, გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

ანა ფოტიგა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს:

„საკონსტიტუციო ცვლილებები ითხოვს ფართო მხარდაჭერას პოლიტიკური ელიტიდან და და საზოგადოებისგან. 8 მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებლად, უნდა მოხდეს პოლიტიკურ პატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება და საკონსტიტუციო რეფორმების მიღება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“.

“8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს ნამდვილად დიდი წარმატება იყო. ახლა ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს.” – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს, იხილოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში რაც შეიძლება მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ეს დემოკრატიული პროცესების ნამდვილი პროგრესის მაჩვენებელი იქნება და შექმნის პირობებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. გვსურს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მთელმა პარლამენტმა დაუჭიროს მხარი, რათა საქართველომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ნამდვილად წარმატებულად მიაღწიოს.” – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

8 მარტის შეთანხმებას კიდევ ერთხელ ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი:

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აუცილებელია, 8 მარტის შეთანხმებაში და მის სრულად შესრულებაში ორივე მხარემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. საუკეთესო პრაქტიკები გვეუბნება, რომ როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას ეხება, რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ეს არის ნიშანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიოსთვის, რათა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია”

მსგავსი პოსტები

Back to top button