უნგრეთი დათანხმდა ვეტო არ დაადოს უკრაინისთვის ალიანსის დახმარებას-სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უნგრეთი NATO-ს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიწოდებაზე ვეტოს არ დაადებს, თუმცა თავად არ მიიღებს მასში მონაწილეობას.
ეს განცხადება მან ბუდაპეშტში პრესკონფერენციაზე გააკეთა, მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები გამართა უნგრეთის პრემიერთან ვიქტორ ორბანთან.
იენს სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთი დახმარების პაკეტში თავის წვლილს არ შეიტანს, თუმცა ხელს არ შეუშლის მოკავშირე ქვეყნებს, გამოყონ ფინანსური დახმარება უკრაინისთვის.
სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან გრძელვადიან ფინანსურ დაპირებაზე, რათა უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.
“მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინისთვის გრძელვადიან ფინანსურ დახმარებასა და სამხედრო დახმარების მიწოდებაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან გრძელვადიან ფინანსურ დახმარებაზე, რათა უზრუნველყონ სამხედრო მხარდაჭერა. ეს უზრუნველყოფს პროგნოზების შესაძლებლობას და ანგარიშვალდებულებას, რაც უკრაინას სჭირდება. […]
პრემიერმინისტრმა ორბანმა მკაფიოდ თქვა, რომ NATO-ს ამ ძალისხმევაში ჩართული არ იქნება და მე ამ პოზიციას ვიღებ. მან ასევე დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება დახმარებას და მოკავშირეებს მისცემს საშუალებას, წინ წავიდნენ და დამარწმუნა, რომ უნგრეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების სრულად შესრულებას NATO-ს წინაშე”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.
ორბანის თქმით, მიიღო გარანტია, რომ როდესაც საქმე ეხება რუსეთ-უკრაინის ომს, როდესაც საქმე ეხება სამხედრო ოპერაციას ტერიტორიის გარეთ, ბუდაპეშტი არ მიიღებს მონაწილეობას ამაში.
“უნგრეთი არ გამოყოფს სახსრებს ან პერსონალს ომისთვის. არც უნგრეთის ტერიტორია იქნება გამოყენებული ამ ომში რაიმე ჩართვისთვის”, – თქვა ორბანმა.
NATO-ს გადაწყვეტილების მისაღებად 32-ვე ქვეყნის თანხმობა, სრული კონსენსუსი სჭირდება.
Euronews-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც მომდევნო თვეში გაიმართება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი კოლეგები NATO-დან შეთანხმდებიან უკრაინისთვის ახალი სისტემის მიწოდებაზე, რაც ქვეყანას უფრო პროგნოზირებადი და გრძელვადიან უსაფრთხოებასა და სამხედრო წვრთნებში დაეხმარება.
ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.
Telegraph-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას შესთავაზებენ გაწევრების გარკვეულ გზას კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე.