მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს,,-კობახიძე

13 დეკემბერს ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას გააცნობს

პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და ევროკომისიის დათქმების შესრულება იყო.

ეს არის საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომა, რომელზეც დეპუტატებს პოლიტიკური დებატების გამართვა შეუძლიათ. ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება არა ხელისუფლების, არამედ ხალხის დამსახურებაა.

უმრავლესობა კი ამბობს, რომ, ხალხის ნების პარალელურად, რომელმაც ნდობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას გამოუცხადა, მმართველმა გუნდმა რეფორმების გზაზე დიდი ძალისხმევა გასწია, რაც ევროკომისიამაც აღიარა.

მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთში ვიზიტისას, კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია და ეს მათი მყარი პოზიციაა.

“ჩვენ ვიზიტის დროს უნგრეთში, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ, რა თქმა უნდა, უნგრეთი ზოგადად არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის მყარი პოზიცია. გარდა ამისა, უნგრეთის პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა. მათ უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მოლდოვასთან და ბოსნიასთან მიმართებით. უნგრეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას და ბოსნიასთან დაკავშირებით იმ რეკომენდაციას, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან – დათქმებით, რომ შემდეგ მოლაპარაკებები გაიხსნას. შარშანაც სამივე ქვეყანა ერთ კალათში იყო, გახსოვთ. სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ერთ კალათში განიხილებოდა, მაგრამ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – არა. მაშინაც ერთი კალათი იყო ამ გაგებით, არავითარი განსხვავება არ არის წელს. რატომ არავინ გააპროტესტა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ ის, რომ ერთი კალათიდან საქართველო სრულად უსამართლოდ ამოიღეს? ახლა რატომ საუბრობენ ასეთი დაჟინებით იგივე ადამიანები, რომ მაინცდამაინც ერთ კალათში უნდა იყოს განხილული ჩვენი და სხვა ქვეყნების საკითხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამდენიმე დღე ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებამდე და პოზიტიური გზავნილები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან. ბრიუსელი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და აღიარებს ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

ევროკავშირის სამიტამდე 3 დღით ადრე, დღეს, ბელგიის დედაქალაქში, ევროპის საქმეთა მინისტრები იკრიბებიან – სწორედ ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ქვეყნების ინტეგრაციის საკითხები ეხებათ. მთავარი თემა ამ შეხვედრაზე სამიტის მომზადება და ევროკავშირის გაფართოების პაკეტია, რომლის ანგარიშიც, ევროკომისიამ 8 ნოემბერს წარადგინა.

ბრიუსელშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. დღეს ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპის ქვეყნებიდან არც ერთი მოიძებნება, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია.

“შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ არცერთი ქვეყანა არ არის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ეს გვიქმნის ძალიან დიდ მოლოდინებს და დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო სწორედ უახლოეს დღეებში კვირის ბოლოსთვის მიიღებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მე შემიძლია დღეს ვუთხრა ჩვენ მოსახლეობას, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო წევრი ქვეყნების ერთიანობა იყო საქართველოსთან მიმართებაში.

ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობას ცალსახად უსვამს ხაზს თითოეული ქვეყანა. ის, რომ ევროკავშირი უნდა გაიზარდოს, გაძლიერდეს და სწორედ ჩვენი მთავარი გზავნილიც ყოველთვის ეს არის ხოლმე, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ კონკრეტული შედეგები ამ პროცესიდან, არამედ ჩვენც ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული ოჯახის გაძლიერებაში. შესაბამისად, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არის გენერალური კონსენსუსი ყველა წევრ ქვეყანას შორის,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხში დადებითი დასკვნა იქნება მიღებული.

​”დღეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მათ შორის საქართველოს საკითხიც დეტალურად იქნება მინისტრების მხრიდან განხილული. დარწმუნებული ვარ, რომ კომისარი ვარჰეი , მინისტრებთან განხილვის შემდეგ, ასევე გაგაცნობთ ამ კონკრეტულ საკითხს. მოგეხსენებათ, ჩვენ არ შეგვიძლია საბჭოს ფორმალურ განხილვას წინ გავუსწროთ.

ვფიქრობ, რომ გაფართოება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ლიდერების დღის წესრიგში ხუთშაბათს. ცხადია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ისტორიული სამიტი იქნება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმედი მაქვს იქნება დადებითი დასკვნები.

რაც შეეხება ორბანის ვეტოს, დიპლომატია მთელი სისწრაფით მუშაობს. ლიდერები ერთმანეთთან ურთიერთობენ. მე ვიცი, რომ ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მჭიდრო კავშირშია ყველა ლიდერთან. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მხრიდანაც, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროსაბჭოს დადებითი შედეგი გვქონდეს,” – განაცხადა ევრო-პრეზიდენტმა.

13 დეკემბერს ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას გააცნობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბერტალან ჰავასი ავრცელებს.

„ხვალ, პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საპარლამენტო დებატებზე უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე ისაუბრებს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას განმარტავს“, – განაცხადა ბერტალან ჰავასიმ.

უნგრეთის მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პირობები არ დააკმაყოფილა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button