მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უნგრეთის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე

ორბანი კიევში ზელენსკის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეთანხმებაზე იმუშავებენ, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის.
ლიდერების მხრიდან შესაბამისი განცხადება კიევში შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
ორბანმა და ზელენსკიმ აღნიშნეს, რომ მათი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა.

„ჩვენი დიალოგის შინაარსი, შესაძლოა, გახდეს საფუძველი სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის სარკისებრივ ურთიერთობებში“, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

ვიქტორ ორბანიც, ასევე, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების ხელმოწერასთან მიაახლოვა.

„გვსურს, გავაუმჯობესოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, გვინდა, ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან გლობალური თანამშრომლობის შეთანხმებას, ისეთსავე შეთანხმებას, როგორიც უნგრეთს სხვა მეზობლებთან აქვს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უნგრეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე, აპირებს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში უკრაინას დაეხმაროს.

„უკრაინას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ და უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ყველაფერში დაგეხმარებით, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ამასთან კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასწრაფო ზავის იდეა წარადგინა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესისთვის განცხადებებში უნგრეთის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.

„მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ მის ინიციატივებს დიდი დრო სჭირდება საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, მე ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს, ეფიქრა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა რაღაცის გაკეთება ცოტა სხვანაირად: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების ტემპს”, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უკრაინული მედიის თანახმად, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაჟინებით არ მოითხოვდა საკუთარ ინიციატივას და მიიღო უკრაინული არგუმენტები.

„მე მადლობელი ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის გულწრფელი აზრის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში თავი აარიდა ამ საკითხს, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებს შვეიცარიის სამიტზე.

„უნგრეთმა მონაწილეობა მიიღო პირველ სამშვიდობო სამიტში და მხარი დაუჭირა სამიტის კომუნიკეს. ეს მიუთითებს უნგრეთის მზადყოფნაზე, იყოს ეფექტური რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების დასაბრუნებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიევში მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკი და ორბანი შეთანხმდნენ, იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმებაზე, რომელიც გადაჭრის ორმხრივ პრობლემებს. ორბანმა, ასევე, უნგრეთში პირველი უკრაინული სკოლის გახსნის და დაფინანსების პირობა დადო.
ცნობისთვის უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები კიევში მისი ვიზიტის დროს გამოჩნდება.

უკრაინაში გამგზავრებამდე ორბანს ჰკითხეს, რისი გაკეთება შეუძლია უნგრეთს ომის დასასრულებლად, რაზეც უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხა: „ხვალინდელ პრესას თუ გაეცნობით, უკვე დაინახავთ პირველ ნაბიჯებს”.

ორბანმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ამერიკელები გვერდზე გადგნენ, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის მომავალს და რუსეთ-უკრაინის ომს. ორბანის თქმით, ევროკავშირს მოუწევს მოემზადოს იმ სიტუაციისთვის, როცა ადრე თუ გვიან რუსები და ამერიკელები ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწევენ.

„სად იქნება ევროპა აქ? ვინ წარმოადგენს თქვენს ინტერესებს? და რა არის თქვენი ინტერესები?“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანის თქმით, ევროკავშირში უნგრეთის პრეზიდენტობა ამ კითხვებზე პასუხს დამოუკიდებლად ვერ უპასუხებს.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს კიევში ჩავიდა. 2012 წლის შემდეგ ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტია.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი სამშაბათს კიევს პირველად ეწვევა. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ორბანის ვიზიტი, რომელიც ღიად აკრიტიკებს დასავლეთის სამხედრო დახმარებას უკრაინისადმი, კიევს ეწვევა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე გახდა.

Financial Times-მა ამ საკითხის მცოდნე პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ორბანი ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ევროპელ ლიდერებს შორის ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა. იგი ხშირად გამოსულა უკრაინის დახმარებისთვის ევროკავშირის ინიციატივების წინააღმდეგ.

გასულ კვირას ევროკავშირმა გაწევრიანებაზე უკრაინასთან მოლაპარაკებები გახსნა.

შეგახსენებთ ეს ორბანის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ კიევში დღევანდელი მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა მშვიდობის დამყარების შანსი. ორბანი და ზელენსკი განიხილავენ უნგრეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსაც.

უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებისადმი კრიტიკულად განწყობილი და რუსეთთან კავშირების შენარჩუნების მომხრე ვიქტორ ორბანის კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, 1 ივლისს, უნგრეთმა ექვსი თვით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.
უნგრეთის მემარჯვენე ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც.

2023 წლის 14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, კენჭი უნდა ეყარათ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ორბანმა დარბაზი დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button