მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრისთქმით, მისი მოსკოვში ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენს. ამის შესახებ ორბანმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აღმოვაჩინე, რომ პოზიციები ძალიან დაშორებულია ერთმანეთს. ბევრი ნაბიჯებია საჭირო ომის დასამთავრებლად და მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ „ამ სამუშაოს გააგრძელებს“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ორბანის ვიზიტს ევროკავშირის სახელით განხორციელებულ ვიზიტად აღიქვამს.

„როგორც მესმის, ამჯერად ჩამოხვედით არა მხოლოდ როგორც დიდი ხნის პარტნიორი, არამედ როგორც [ევროკავშირის] საბჭოს პრეზიდენტი“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ის ორბანისგან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე „ევროპელი პარტნიორების პოზიციების“ გაგებას ელის და მზად არის სამშვიდობო წინადადებების ნიუანსებზე ისაუბროს.

ცნობისთვის, ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ევროკავშირის ინსტიტუტების არაერთმა ლიდერმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ორბანი მოსკოვში როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება და მას ევროკავშირის მანდატი არ გააჩნია.
უნგრეთის პრემიერმინისტრი დასავლელ ლიდერებს შორის რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ან შეუფერხებია უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო დახმარება.

ვიქტორ ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 2 დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

ვიქტორ ორბანი ბოლოს რუსეთში 2022 წლის სექტემბერში იყო, სადაც მიხეილ გორბაჩოვის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მას შემდეგ ის ვლადიმერ პუტინს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრია.

ამ თვის დასაწყისიდან უნგრეთი, როტაციულად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button